22 იანვარი, 2015

22 იანვარს ჯორჯ ბალანჩინი დაიბადა

balanchin322 იანვარს წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერის ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღიდან 111 წელი შესრულდა.

ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი გიორგი ბალანჩივაძე მელიტონ ბალანჩივაძის შვილი იყო. მან პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი და პეტროგრადის კონსერვატორია დაამთავრა. მუშაობდა პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობად, დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“, „უიღბლო ეუგენი“, ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები.

1924 წლიდან ბალანჩინი ცხოვრობდა საზღვარგარეთ. იყო პარიზის „დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი, ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე – 1933-ის“ ბალეტმაისტერი.

1933 წელს მაესტრო მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი „ნიუ-იორკ სიტი ბალე“. ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია პროკოფიევის „უძღები შვილი“, სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“, „ორფევსი“, „აგონი“, „ბროლის სასახლე“, „ბალე იმპერიალი“. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“, რომელიც ინგლისურ ენაზეა დაწერილი.

ჯორჯ ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე.წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. მისი ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში, მან სპექტაკლები გამართა თბილისშიც.

ჯორჯ ბალანჩინი 81 წლის ასაკში ნიუ იორკში გარდაიცვალა.