21 იანვარი, 2015

21 იანვარს კრისტიან დიორი დაიბადა

d821 იანვარს ცნობილი ფრანგი დიზაინერი კრისტიან დიორი დაიბადა. მან კარიერა ტანსაცმლის ესკიზების ხატვით დაიწყო, ერთი პერიოდი სუნამოებსაც ქმნიდა, ბოლოს კი დიორის მოდის სახლი დააფუძნა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია.

დიზაინერმა პირველი კოლექცია 1947 წლის 12 თებერვალს წარმოადგინა და თავისი ორიგინალური სტილით პოპულარობა მალევე მოიპოვა. დიორი თავის კოლექციაში ხაზს უსვამდა ქალის სილუეტს, მისი შექმნილი ტანსაცმელი განსხვავდებოდა მკაცრი, ტანზე მომდგარი სამოსისგან, რომელსაც ქალები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ატარებდნენ.

ომგამოვლილმა საზოგადოებამ მალევე აიტაცა დიზაინერის ახალი ნამუშევრები, მაგრამ რასაკვირველია, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც დიორის ნამუშევრები არ მოეწონა. იყვნენ აგრეთვე ისეთებიც, ვინც მიიჩნევდა, რომ დიზაინერი ზედმეტად ბევრ ქსოვილს ხარჯავდა თითოეული კაბის შესაქმნელად. არადა, კრისტიან დიორი სწორედჟ იმ კოლექციისთვის, რომელმაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მაღალი მოდის “ოსკარით” დააჯილდოვეს.

ამის შემდეგ დიზაინერი წელიწადში ორჯერ სრულიად განსხვავებულ კოლექციებს ქმნიდა და ათი წლის განმავლობაში აოცებდა და აღაფრთოვანებდა მსოფლიოს. დიორი ამასაც არ დასჯერდა და საკუთარი სუნამოების, აქსესუარებისა და კოსმეტიკის ხაზიც შექმნა. ის იმითაც იყო ცნობილი, რომ ასწავლიდა და ხელს უწყობდა ახალგაზრდა დიზაინერებს წარმატების მიღწევაში. მის მოდის სახლში მოღვაწეობდნენ პიერ კარდენი, ივ სენ ლორანი, ჯონ გალიანო.

კრისტიან დიორი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.