1 დეკემბერი, 2014

ვუდი ალენი 79 წლის გახდა

3პირველი დეკემბერი ცნობილი კინორეჟისორის ვუდი ალენის დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდა. მსახიობი, სცენარისტი, კომედიანტი, მუსიკოსი, მწერალი და რეჟისორი მსოფლიო კინემატოგრაფს 1950 წლიდან დღემდე ერთგულად ემსახურება და სხვადასხვა თაობის მაყურებელში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისმა უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა იუბილარ რეჟისორს თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული. მრავალ საკუთარ ფილმში მნიშვნელოვანი როლები თავად აქვს შესრულებული. მისი დასაყრდენი საკუთარ შემოქმედებაში არის ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ევროპული კინემატოგრაფია და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც ის დაიბადა, მთელი ცხოვრება გაატარა, და რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მთელი მისი აღმაფრენის წყარო იყო.

ვუდი ალენი არ აღიარებს კინოჯილდოებს და არ ესწრება კინოდაჯილდოებების ცერემონიებს 1973 წლიდან, მას შემდეგ რაც მისმა ფილმმა „მძინარე“ ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო. თუმცა კინოდაჯილდოებებზე არდასწრების წესი მან ერთადერთხელ 2002 წლის ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიაზე დაარღვია:

“კინოდაჯილდოებების მთლიანი კონცეფცია სისულელეა. ჩემს ნამუშევრებზე სხვა ადამიანების შეფასება არ მაინტერესებს, რადგან თუ შენ იღებ ჯილდოს, რომელსაც დამსახურებისთვის იღებ, მაშინ უნდა აღიარო მათივე შეფასება ხოლმე, როდესაც გეუბნებიან, რომ შენი ფილმი არ ვარგა.“

ვუდი ალენს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ მია ფეროუსთან, რომელმაც მის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი, 7 წლის დილან ფეროუ გააუპატიურა. სწორედ ეს სკანდალი გახდა ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი.

მისი ფილმი „შუაღამე პარიზში“ კრიტიკოსებმა დადებითად შეფასეს. მას ხშირად უწოდებენ ალენის საუკეთესო ფილმს 1994 წლის „ტყვიები ბროდვეის თავზეს“ შემდეგ. რეჟისორმა ამ ფილმისთვის დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის. წელს კი ვუდი ალენმა ოქროს გლობუსის სესილ დემილის სახელობის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის მიიღო.