30 დეკემბერი, 2014

ცისანა ტატიშვილი იუბილარია

cisana1ქართული ოპერის სიმბოლო, ლეგენდარული პრიმადონა ცისანა ტატიშვილი 30 დეკემბერს იუბილარია.

განუმეორებელი ქართველი საოპერო პრიმადონა, დრამატული სოპრანო, შტრაუსის “სალომე”-ს პირველი შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ხოლო მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან არაერთი ჯილდო და პრემი მიიღო, ის არის შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, შვეიცერის ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

ქალბატონ ცისანას ევროპის პრესტიჟულ სცენებზე, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ოპერებში ვერდის “აიდა” (აიდა, ამნერისი), “ოტელო” (დეზდემონა), “ტრუბადური” (ლეონორა), “ბალ მასკარადი” ( ამელია), ,,დონ კარლოსი” (ებოლი), მოცარტის “დონ ჟუანი” (დონა ანნა), მასკანის “სოფლის პატიოსნება” (სანტუცა), შტრაუსის “სალომე” (სალომე), ვაგნერის “მფრინავი ჰოლანდიელი”, “ლოენგრინი” (სენტა, ჰერტრუდა), ჩაიკოვსკის “პიკის ქალი” (ლიზა), ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი”, „დაისი“ (ეთერი, მარო).

იუბილარ საოპერო მომღერალს ნამღერი აქვს მოსკოვში (დიდი თეატრი), პეტერბურგში (მარინის თეატრი), ვილნიუსში, რიგაში, კიშინოვში, კიევში,სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბერლინში, ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში, ვენაში, რომში, ბუსეტოში, ევროპის კიდევ მრავალი ქალაქის მუსიკალურ დარბაზებში, ასევე თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ფართო ევროპული რეპერტუარი. მან ტრიუმფალური გამოსვლებით აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას, სრულიად საქართველოს.

40 წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, მრავალჯერ მას შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში გადასვლა, მაგრამ პატრიოტმა მომღერალმა უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან, მისთვის მომგებიან წინადადებაზე და საბოლოოდ თავისი სამშობლოს და თბილისის ერთგული დარჩა…

ცისანა ტატიშვილს ქართულმა საზოგადოებამ მადლიერების ნიშნად მისივე სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაუხსნა.