7 დეკემბერი, 2014

სპარტაკ ბაღაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

spartak17 დეკემბერს ქართველი მსახიობის სპარტაკ ბაღაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა.

თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლის დასრულეიის შემდეგ მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილის გმირი მიხეილ ჭიაურელის ფილმში „არსენა“, სადაც მსახიობმა შექმნა ქართველი ხალხის საყვარელი გმირის დამაჯერებელი სახე. მისი სხვა როლებიდან აღსანიშნავია გიორგი ფილმიდან „დიადი განთიადი“, ვანო „ქაჯანა“, ლუარსაბ მეფე „გიორგი სააკაძე“, ერთდროულად სამი როლი მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა „აკაკის აკვანი“, ხევისბერი გოჩა „ხევისბერი გოჩა“, ლუკაია „მე ვხედავ მზეს“, ჯანყვათი „ცისკრის ზარები“, ხვთისია „ვედრება“, ქალუნდაური „დიდოსტატის მარჯვენა“.

ქართველი მსახიობი გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, ასევე ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში „ნოსო“.

მსახიობის ვაჟი მოგონებებში წერდა, თუ როგორ მიიწვია ლეგენდარულმა სერგო ფარაჯანოვმა სპარტაკ ბაღაშვილი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებში“ გადასაღებად 1964 წელს, აქვე იხსენებს მამისა და სტალინის შეხვედრას:

“ფარაჯანოვმა წერილი მოსწერა სპარტაკჯან, გეხვეწები, ჩამოდი რაო… მეორე ამბავი სტალინისა და სპარტაკის შეხვედრას ეხება… სტალინს მსახიობისთვის უთხოვია, ოტელოს მონოლოგი წაიკითხეო… სპარტაკს ისე წაუკითხავს, ბელადს გაოცებისგან ხმამაღალი კომპლიმენტი უთქვამს, კი მარა, ასეთი ნიჭიერი ხარ და რატომ დრამაშიც არ სცდი ბედსო. მერე დაუყოლებია, იქნებ არ გიღებენ თეატრში, მითხარი, ნუ მოგერიდებაო… სპარტაკს უთქვამს, კინო მიყვარს და იქაც კი შემთხვევით მოვხვდიო. გულის სიღრმეში, ალბათ, უნდოდა კიდეც თეატრში თამაში, მაგრამ ეს ხმამაღლა არ უთქვამს. ძალიან მორიდებული იყო და ამის გამო არავის შეაწუხებდა.”