4 დეკემბერი, 2014

ქეთი დოლიძე იუბილარია

1ketiiiiრეჟისორი ქეთი დოლიძე 4 დეკემბერს იუბილარია. ხელოვანი მთელი თავისი ცხოვრება ქართულ კინოსა და თეატრს ემსახურება. თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში ისწავლა.

ქეთი დოლიძის სახელთან არის დაკავშირებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქარი” დაარსება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ ტარდებოდა, თუმცა გასულ წელს აღდგა და თბილისელებს “საჩუქარი” კვლავ დაუბრუნდა.

იუბილარი ამჟამად კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. სპექატკლებსაც ძირითადად ამავე თეატრში ახორციელებს, თუმცა მის მიერ ათონელის თეატრში დადგმულმა სპექტაკლმა “დილა მშვიდობისა ასდოლარიანო” დიდი გამოხმაურება და მოწონება ჰპოვა მაყურებელში.

თეატრის გარდა, ქეთი დოლიძე კინორეჟისორიც არის. სიკო დოლიძის შვილის გადაღებულია “კუკარაჩა”, “კაცია ადამიანი?!”, “სანამ წვიმა გადივლიდეს”, “მარტოხელა მონადირე,” “ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა” (ევრიკიდე). მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმი აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული “დინოზავრის კვერცხი” (და სასახლეში ვნახავ სიხარულსა).

რეჟისორი ძირითადად თეატრში მუშაობს და დიდი სურვილი აქვს, მიხეილ თუმანიშვილის მიერ დაარსებულ კინომსახიობთა თეატრში ის ტრადიციები აღდგეს, რაც მისმა საყვარელმა პედაგოგმა ამ თეატრის დაფუძნებისას დაამკვიდრა.