17 დეკემბერი, 2014

ნიკა ანთიძეს სტუდენტური მოძრაობის წევრები პრესკლუბში შეუცვივდნენ

nikoloz-antidze1საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ანთიძეს ერთ-ერთ პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას დარბაზში სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები შეუცვივდნენ. ისინი საყვირებით და პლაკატებით იყვნენ შეიარაღებული.

ანთიძის პრესკონფერენციაზე მისულმა სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ის “სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს, საყდრისის ნგრევაში დასდეს ბრალი და მისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მოითხოვეს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი გეგმავენ ნიკა ანთიძის, როგორც „საყდრისის დამანგრეველის“ სახელი და გვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაკრან და მისი, როგორც დამანგრეველის სახელი მთელ ქვეყანას ამცნონ.

ნიკა ანთიძემ აღნიშნული ტერიტორია საყვირებისა და შეძახილების ფონზე დატოვა. ამის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზი ახალგაზრდებმა დაიკავეს და განაცხადეს, რომ გაჩერებას არ აპირებენ. როგორც სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ განაცხადა:

„ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ვაგებინებთ კონსტრუქციული გზით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ გზით გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი და პასუხისმგებლობა ვაგრძნობინოთ. ყველას უნდა ახსოვდეს ნიკა ანთიძე, როგორც დამანგრეველი, უნდა იცოდეს ყველამ, ვინ არიან ისინი, ვინც საყდრისის ნგრევას მოაწერა ხელი. ჩვენ შევხვდით ანთიძეს და მან პირობა მოგვცა, ის იქნებოდა გარანტი იმისა, რომ ხელს არავინ აღმართავდა კვლევების დასრულებამდე საყდრისის ტერიტორიაზე.”