29 დეკემბერი, 2014

“მონანიება” 30 წლისაა

monanieba1თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი “მონანიება” 30 წლისაა. ამბობენ, რომ ამ ფილმის გამოსვლაში დიდი წვლილი ედუარდ შევარდნაძეს მიუძღვნის.

ფილმმა ეკრანებზე გამოჩენისთანავე კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა “პერესტროიკის” პირველი მერცხალიც ეწოდა კინოში. “მონანიება” თენგიზ აბულაძის ტრილოგიის ბოლო ფილმია, პირველია “ვედრება”, მეორე კი “ნატვრის ხე”.

მაყურებლის აღშფოთება განსაკუთრებით ფილმის ახალგაზრდა პერსონაჟის თორნიკეს თვითმკვლელობამ გამოიწვია. თორნიკეს თვითმკვლელობა გააპროტესტა ამ გმირის შემსრულებელმა მსახიობმა მერაბ ნინიძემაც, როცა პირველად სცენარი წაიკითხა და გამოთქვა სურვილი, მისი გმირი ცოცხალი დარჩენილიყო.

მერაბ ნინიძე:

“მონანიება”-ში მე არ უნდა მეთამაშა, თავიდან სხვა მსახიობი იყო ამ როლზე შერჩეული, მერე სულ სხვას უნდა ეთამაშა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი თორნიკე არავიძე. ყველაფერი შეცვალა ამ ფილმმა ჩემში, ბედი, პროფესიული ცხოვრება, სულ სხვა სტატუსი მომცა, სულ სხვანაირად გაიჟღერა ამ ყველაფერმა. შემეშინდა ეს რომ წავიკითხე, პატარა ბავშვი ვიყავი, 17 წლის. სცენარს ერქვა “აფთარი” და მეორე გვერდზე უკვე მიცვალებულს თხრიდნენ. ჩვენ კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით და მეშინოდა ბინიდან აბაზანაში გასვლა. რადგან ეს ბიჭი თავს იკლავს, გულუბრყვილობა მქონდა, მინდოდა, რომ შეეცვალათ ფინალი, არ მოეკლა თორნიკეს თავი. მითხრეს, რომ ამ ისტორიაში ჩემმა გმირმა უნდა მოიკლას თავი, სხვა ისტორიაში ცვლილება კიდევ შეიძლებაო. მე კი მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში თავი კი არ უნდა მოიკლა, ეს ხალხი უნდა დატოვო და წახვიდე და რაღაც იპოვო ახალი, გვარი გამოიცვალო, უარი თქვა შენს წარსულზე. არ ვიცი ეს ფენომენი უფრო არის, ვიდრე ფილმი და ეს იყო ჩემი ძალიან ბედნიერი ასაფრენი ბილიკი. რუსთაველის კინოში ბილეთის რიგშიც ვდგარვარ მეგობრეთან ერთად, მე და ჩემი მეგობრები “მონაინების” ბილეთებს ვყიდულობდით და ხალხი რომ გამოდიოდა, მცნობდნენ, ეს ის არ არის, თავი რომ მოიკლაო.”