27 დეკემბერი, 2014

გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა

gogla227 დეკემბერს ქართველი მწერლისა და პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 115 წელი შესრულდა.

გიორგი ლეონიძის მამა ნიკო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა ზაქარია გულისაშვილი, ხალხოსანი მწერალი „შაქროს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.
როცა გიორგი ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, აქ მას ასწავლიდნენ ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე.

მისი პირველი ლექსები და წერილები 1911 წლიდან გაჩნდა პრესაში. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს “გვირგვინი” და “ფანდური”, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი “საფირონი”.

გიორგი ლეონიძემ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს. გიორგი ლეონიძემ ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლუციის პოეტები“. იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა.

მისი ლექსები და მოთხრობები მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თენგიზ აბულაძის მიერ მის მოთხრობაზე “ნატვრის ხე” ამავე სახელწოდებით გადაღებულმა ფილმმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.

გიორგი ლეონიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი სახელის უკვდავსაყოფად მის მშობლიურ სოფელ პატარძეულში დაარსდა სახალხო დღესასწაული “გოგლაობა”, რომელიც ყოველწლიურად იმართება.