დოდო ჭიჭინაძე 90 წლის გახდებოდა

dodo1ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი დოდო ჭიჭინაძე 28 დეკემბერს 90 წლის გახდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. წელს მისი გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.

დოდო ჭიჭინაძის 90 წლის იუბილე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კინოს სახლში აღნიშნეს და მსახიობის მიერ შესრულებული როლები გააცოცხლეს. დოდო ჭიჭინაძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მას საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი უწოდა. სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებული მსახიობი, მისი ერთგული ჯარისკაცი და ჭირისუფალი იყო, ამბობდა კიდეც: “მე ვარ ქალი, რომელსაც სურვილი მაქვს, ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი სამშობლო!”

დოდო ჭიჭინაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, მან 30-მდე თეატრალური და არაერთი საინტერესო კინოროლი განასახიერა, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი კინოროლები ფილმებიდან „ბაში-აჩუკი”, „დავით გურამიშვილი”, „ჭრიჭინა”, „ნინო”, „ცისკარა”. მიუხედავად არცთუ მრავალი კინოროლისა, დოდო ჭიჭინაძე ვარსკვლავად იქცა.დოდო ჭიჭინაძეს კონოთეატრ რუსთაველის წინ ვასკვლავი გაუხსნეს.

მსახიობს ჰქონდა თავისი სტილი, თავად ქმნიდა მოდას. როგორც მისი კოლეგა ლია ელიავა იგონებდა, ყველა დოდოს ბაძავდა.

ასაკის მატებას მსახიობი არ უჩიოდა, თუმცა სილამაზის ჭკნობა სევდას მაინც გვრიდა:

“გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები… წლები მიდის და სილამაზე სადღაც ქრება, მაგრამ წლებს უფრო დიდი რამ მოაქვს, გონიერება, გამოცდილება და, რაც მთავარია, რჩება სიკეთე… მე ცოტა “გადამეტებული” ქართველი ვარ!.. ქეთევან წამებულის შთამომავალი ვარ და მჯერა, რაც გადაგვარჩენს, ესაა ჩვენი რწმენა! ვიცხოვრე ისე, რომ ცუდი არავისთვის გამიკეთებია.”