2 დეკემბერი, 2014

დღეს მარია კალასის დაბადების დღეა

Copy of traviata2 დეკემბერი მსოფლოში ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასის დაბადების დღეა. მას წელს 91 წელი შეუსრულდებოდა.

მარია კალასი ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მომღერლის დედამ ევანგელიამ გადაწყვეტილება მიიღო ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად დაბრუნებულიყო. 14 წლის ასაკში მარიამ სწავლა დაიწყო ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.

მარია კალასის დებიუტი გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში შედგა. მოგვიანებით მომღერალი დაბრუნდა ნიუ-იორკში და დაიწყო მისი წარუმატებლობები – იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა “ლირიკული ოპერის” აღორძინება, სადაც მას მონაწილეობის მიღების იმედი ჰქონდა.

წლების შემდეგ მარია კალასი ტულიო სერაფინს შეხვდა. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინმა მარია დიდი ოპერის სცენაზე გაიყვანა. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის “ვალკირიებში” და ელვირასი ბელინის “პურიტანელებში” შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო, მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის. “ოთხი ხმა ერთ ყელში” – ასე ახასიათებდნენ ამ გენიალურ მომღერალს.

მარია კალასი ჯოვანი მენეგინიზე დაქორწინდა და გასტროლებზე სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. 1950 წელს ის პირველად გამოვიდა ლა სკალას სცენაზე და გარდაიქმნა “იტალიელ პრიმადონათა დედოფლად.” სამი წლის შემდეგ გამოიცა მარია კალასის შესრულებით ჩაწერილი ოპერების სრული კრებული. იმავე წელს მომღერალმა 30 კილოგრამი დაიკლო. წლების მანძილზე ის ცდილობდა ლამის სილამაზის ეტალონად ქცეულ ოდრი ჰეპბერნს დამსგავსებოდა და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კალასი ცოტა ხანში პოდიუმის მოდელს დაემსგავსა. გარდასახული კალასი მსოფლიოს პუბლიკას იპყრობდა ოპერებში ლუჩია დი ლამერმური, ნორმა, მედეა, მაკბეტი, ტოსკა.

მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს შეჩერდა. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ საბოლოოდ გატეხა იგი. 1964 წელს მისი სცენაზე დაბრუნება სრული ფიასკოთი დასრულდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში მარია კალასი პარიზში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 54 წლის ასაკში. მას ჯერ კრემაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი პერ ლაშეზის სასაფალოზე დაიკრძალა. მოგვიანებით ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ეგეოსის ზღვას მოჰფინეს.

მარია კალასი დღემდე რჩება მსოფლიო საოპერო ხელოვნების გამორჩეულ და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად. მის შემოქმედებაზე თაობები იზრდებიან. მარია კალასის ცხოვრებას და შემოქმედებაზე რეჟისორმა რობერტ სტურუამ თეატრში “ფაბრიკა” სპექტაკლი დადგა, რომელშიც მარია კალასის როლი რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა შეასრულა.