30 დეკემბერი, 2014

30 დეკემბერი ელენე ახვლედიანის გარდაცვალების დღეა

elene130 დეკემბერი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანი გარდაცვალების დღეა. ის 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ის იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში.

საქართველოში ელენე ახვლედიანი 1927 წელს დაბრუნდა. მისი მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ ხაზგასმული დეკორატიულობით. ყოველთვის საგრძნობია განწყობილება, ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.

განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია „ძველი თბილისი“, „კახეთი-ზამთარი“, „ძველი თბილისი“, „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ და სხვა.

ელენე ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის თეატრში ქუთაისში და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში. მათგან აღსანიშნავია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, პუჩინის „ბოჰემა“, ვერდის „ბალ-მასკარადი“.

მხატვარი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების ილუსტრაციები, ასევე მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მისი სახელის უკვდავსაყოფად ელენე ახვლედიანის სახელობისაა თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა.