17 დეკემბერი, 2014

15 მსოფლიო ვარსკვლავი, ვინც ბავშვები იშვილა

brad-pitt-angelina-jolieჰოლივუდის მსახიობებში სულ უფრო და უფრო წარმატებით სარგებლობს მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვების შვილად აყვანა. სანდრა ბალოკი, შარლიზ ტერონი, მადონა, ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი უკვე სამაგალითოები გახდნენ თავიანთი კოლეგებისთვის და რიგითი ადამიანებისთვისაც.

“არტინფო” წარმოგიდგენთ იმ ვასრკვლავებს, რომლებიც მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ და ზრდიან მშობლების სითბოს ყველაზე მეტად მონატრებულ პატარებს.

1. მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვების შვილად აყვანაში ლიდერები არიან ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. მათ ექვსი შვილი ჰყავთ, აქედან სამი მედოქსი, პაქსი და ზაქარა ნაშვილები ჰყავთ. მედოქსი და პაქსი ბიჭები არიან, ზაქარა კი გოგონაა. როგორც წყვილთან დაახლოებული პირები აცხადებენ, ჯოლი და პიტი სამომავლოდაც აპირებენ ბავშვების შვილად აყვანას და თავისი სითბოს მათთვის განაწილებას.

2. ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა შავკანიანი ბიჭუნა 2012 წელს იშვილა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი და პატარა ბიჭუნა, სახელად ჯექსონი განუყრელად ერთად არიან, ერთად დადიან მაღაზიებში საყიდლებზე, კაფეებში და მსოფლიოს გარშემოც ერთად მოგზაურობენ:

“ჩემი შვილი ჯექსონი ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში და ის ყველაზე მაგარი ბიჭია მთელს მსოფლიოში.”

3. ერთ ბიჭს ზრდის ჰოლივუდის მსახიობი სანდრა ბალოკიც. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო ზრდის პატარას, აცხადებს, რომ მისი ბიჭი ლუისი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია. სანდრამ პატარა 2010 წელს ახალი ორლეანის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში “იპოვნა”:

“ის იდეალური ბიჭია. სულ მგონია, რომ ის მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემს გვერდით იყო. შვილი არის ის, რის გამოც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები.”

4. ნიკოლ კიდმანმა და ტომ კრუზმა ერთად ცხოვრების პერიოდში ორი ბავშვი იშვილეს, გოგონა იზაბელა ჯეინი და ბიჭი კონორ ენტონი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ისინი დღემდე თანაბრად ინაწილებენ ბავშვებზე პასუხისმგებლობას. ნიკოლ კიდმანს კიდევ ორი შვილი ჰყავს მუსიკოს კიტ ურბანთან. 2008 წელს ნიკოლ კიდმანი სანდეი როუზის დედა გახდა, 2012 წელს კი ფეი მარგარეტის დედიკო.

5. შვილად ჰყავს აყვანილი პატარა ბიჭუნა შერონ სტოუნსაც. თავის დროზე მას რამდენიმეჯერ მოეშალა მუცელი, საბოლოოდ კი შვილის აყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 2000 წელს, როცა მსახიობი ჯერ კიდევ ფილ ბრონშეინის მეუღლე იყო, მან ბავშვთა სახლიდან იშვილა ჩვილი როანი, გაყრის შემდეგ კი გააფორმა მეურვეობა კიდევ ორ ბიჭზე ლერდზე და ქუინზე:

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბავშვს შვილად ავიყვანდი. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მუდამ აქტიურად ვინტერესდებოდი, როგორც მიმდინარეობდა შვილად აყვანის პროცესი და რა დაბრკოლებები შეიძლებოდა შემხვედროდა ამ საქმის წარმოებისას.”

6. მსოფლიო პოპდივა მადონამ თავის დროზე ორი ბავშვი, გოგონა და ბიჭი იშვილა. მომღერალს ყოფილი მეუღლისგან რეჟისორ გაი რიჩისგან გოგონა ლურდესი და ბიჭი როკი ჰყავს, თუმცა მან თავისი ოჯახის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 2006 წელს მადონამ იშვილა ბიჭი დევიდ ბანდა, სამი წლის შემდეგ კი შვილად აიყვანა გოგონა მერსი. პაპარაცები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მადონას ოთხივე შვილი ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მეგობრულია.

7. მსახიობმა მეგ რაიანმა გადაწყვეტილება მიიღო გოგონა ეშვილებინა. მან არჩევანი ჩინეთის ბავშვთა სახლზე შეაჩერა და იშვილა პატარა გოგონა, რომელსაც სახელად დეიზი თრუ უწოდა. ახლა გოგონა 10 წლისაა და როგორც მეგ რაიანი ამბობს, ის და დეიზი თრუ ყველაზე კარგი მეგობრები არიან.

8. შეიძლება ბევრი არ იცნობს, მაგრამ ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, ფოტომოდელი და დიზაინერი ნიკოლ რიჩი სულაც არ არის ბიოლოგიური შვილი მომღერალ ლაიონელ რიჩის, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში მაიკლ ჯექსონთან და პრინცთან ერთად მსოფლიო პოპ მუსიკის მწვერვალზე იყო. ლაიონელ რიჩის ნაშვილები გოგონა ქალაქ ბერკლში მექსიკელების ოჯახში დაიბადა. მისი ბიოლოგიური დედა მუშაობდა მუსიკოსის დამხმარედ, მამა კი მის ჯგუფში უკრავდა. როცა გოგონა 2 წლის იყო, მისი მამა გარდაიცვალა. მაშინ ლაიონელ რიჩიმ და მისმა მეუღლემ ბრენდა ჰავი რიჩიმ მიიღეს გადაწყვეტილება გოგონას შვილად აყვანასთან დაკავშირებით.

9. ისე მოხდა, რომ ცნობილ მსახიობს ჰიუ ჯეკმანს და მის მეუღლეს დებორა ლი ფერნესს არ ჰყავთ ბიოლოგიური შვილები, სამაგიეროდ, ისინი ორი ბავშვის მშობლები არიან. ჰიუ ჯეკმანი და მისი მეუღლე ბიჭს ოსკარ მაქსიმილიანეს და გოგონას ავ ელიოტს ზრდიან. მსახიობის განცხადებით, ამ ბავშვებმა მისი ქორწინება გადაარჩინეს, რადგან წყვილი გაყრის და ოჯახის დანგრევის ზღვარზე იდგა.

10. დიზაინერმა ოსკარ დე ლა რენტამ ჩვილი ბიჭუნას შვილად აყვანა 1983 წელს გადაწყვიტა. მაშინ ცნობილმა დიზაინერმა მოიზესი დომინიკის რესპუბლიკაში იშვილა. ამ გადაწყვეტილებამდე ოსკარ დე ლა რენტა მეუღლის გარდაცვალებამ მიიყვანა. პატარა ბიჭუნა მაშინ მისი ცხოვრების ახალი აზრი გახდა.

11. საშინელებათა ჟანრის სერიალის ვარსკვლავმა “საშინელებების ამერიკული ისტორია” კონი ბრიტონმა თავისი ცხოვრების მთავარი ბედნიერება ბავშვთა სახლში იპოვნა. 2011 წლის ნოემბერში 44 წლის მსახიობმა შვილად აიყვანა ეთიოპიელი ბიჭუნა სახელად იობი. როგორც მსახიობმა განაცხადა, იმ პერიოდში მას არ ჰქონდა სექსუალური ცხოვრება და მარტოხელა დედის სტატუსი მისთვის ზედგამოჭრილი იყო.

12. მკერდის კიბოს დამარცხების შემდეგ, შერილ ქროუმ მტკიცედ გადაწყვიტა ბავშვი გაეჩინა, მაგრამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა შესაფერისი მამაკაცი. ამიტომაც მსახიობმა 2007 წელს ბიჭუნა ვიატი იშვილა. სამი წლის შემდეგ შერილ ქროუ მიხვდა, რომ მისი ბიჭუნას ცხოვრება ძამიკოს გარეშე მოსაბეზრებელი და მოსაწყენი იყო, ამიტომაც ოჯახს ახალი წევრი პატარა ბიჭუნა ლევი შემატა.

13. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობ დენიზ რიჩარდს ორი შვილი ჰყავს მსახიობ ჩარლი შინთან ქორწინების პერიოდში, შვილად კიდევ ერთი პატარა აიყვანა. ამ ეტაპზე ის მთლიანად პატარების აღზრდით არის დაკავებული და თავის ყურადღებას ლოლას, სემის და ელიოზ ჯონს თანაბრალდ უთმობს.

14. მსახიობი კეტრინ ჰეიგლი და მისი ქმარი ჯოშ კელი უკვე არიან ორი ულამაზესი გოგონას მშობლები. 2009 წელს წყვილმა გოგონა ნენსი ლი “ნელი” კელი იშვილა ჩრდილოეთ კორეიდან, 2012 წელს კი ისინი ამელიადა მარი ჰოუპის მშობლები გახდნენ. როგორც წყვილი აცხადებს, გაჩერებას არ აპირებენ და პატარების შვილად აყვანას ისევ გეგმავენ:

“ეს საკითხი ჩვენ ჯერ კიდევ მანამდე განვიხილეთ, სანამ ერთამანეთს ცხოვრებას დავუკავშირებდით. რა თქმა უნდა, გვინდა ბიოლოგიური შვილებიც გვყავდეს, მაგრამ ჯერ ის პატარები უნდა ვიშვილოთ, ვისაც ჩვენი სითბო და სიყვარული ყველაზე მეტად სჭირდება.”

15. მსოფლიო ვარსკვლავთა შორისაა ივან მაკგრეგორი და მისი მეუღლე ივ მავრაკისი. წყვილი ოთხ შვილს ზრდის და მათგან ორი ნაშვილები ჰყავს.