13 დეკემბერი, 2014

13 დეკემბერი ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

vax113 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის ვახტანგ I გორგასლის ხსენების დღეა. ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღე კი 13 დეკემბერია.

ვახტანგ გორგასალი იზრდებოდა სპასპეტთან საურმაგთან. როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მამამისი მირდატ მეფე. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა. მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში. 451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავს ბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

15 წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი. ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. მან განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო. იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.

ვახტანგ გორგასალს დედოფალმა ბალენდუხტმა ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.

მეფე ვახატნგ პირველს გორგასალი სპარსელებმა შეარქვეს. მის მუზარადზე წინიდან გამოსახული იყო მგელი, უკან ლომი. სადაც სპარსელები ამ მუზარადს დაინახავდნენ, ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.

ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.

ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.

ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა.

502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში ვახტანგ მეფე ისრით დაჭრეს იღლიაში, რომელიც დასტაქრებმა ძლივს ამოიღეს, მაგრამ მეფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი და აღესრულა 60 წლისა.