14 დეკემბერი, 2014

სამეფო უბნის თეატრში სასტიკი დღეები იწყება

sa2თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი და სამეფო უბნის თეატრი 21-24 დეკემბერს წარმოგიდგენთ აქტუალური დრამის ფესტივალს “სასტიკი თეატრის დღეები”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

სასტიკი თეატრის დღეების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იმ პიესების კითხვები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს სისასტიკეს მოურიდებლად და დოკუმენტური სიზუსტით ასახავენ. ფესტივალის პროგრამა მთლიანად აიგება მასალაზე, რომელიც პირველად გაჟღერდება ქართულ სცენაზე, თუმცა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს თეატრებში მათი არაერთი დადგმა უკვე იხილა საზოგადოებამ და ეს ავტორებიც თანამედროვე კლასიკოსებად არიან აღიარებულები. ფესტივალი ასევე ხელს უწყობს აქტუალური ქართული დრამის პოპულარიზაციასაც, პიესებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს წარმოადგენენ.

ღონისძიების პროგრამა ასეთია: 21 დეკემბერი ნინო ხარატიშვილი “მრისხანება”, დევი ჰაროუერი “შავი ფრინველი”. 22 დეკემბერი დენის კელი დნა, დათა თავაძე “დედაომი”, 23 დეკემბერი ლაშა ბუღაძე “26 მაისი”, სარა კეინი “აფეთქებული”. ფესტივალს დახურავს დავით გაბუნიას პიესა “რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება”, რეჟისორი დავით ხორბალაძე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.