26 ნოემბერი, 2014

რატომ არ ხვდება კულტურის მინისტრი საყდრისის გადარჩენის კომიტეტს?

8“საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრები კულტურის სამინისტროში მივიდნენ, მინისტრის მისაღებში შეიკრიბნენ და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. გარდა ამისა, მათი სურვილია, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

თავის მხრივ, კულტურის სამინისტრომ ამ თემასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილოს თემა.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხმა რამდენიმე თვეა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ, უწყება თავს იკავებს საკითხის წინასწარი კომენტირებისგან.”