25 ნოემბერი, 2014

ლურჯი სუფრები მილანში გამოიფინება

5საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მილანში რეწვის ნიმუშების რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია  „ლურჯ სუფრა“ თავის ნამუშევრებს წარადგენს.

მილანში რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით იმართება. 10 დღის განმავლობაში ტრადიციულ ქართულ ლურჯ  სუფრასთან ერთად გამოფენაზე ამავე მოტივებზე შექმნილი ტრადიციული რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნიმუშები იქნება გამოფენილი ბატიკის, მინანქრის, კერამიკის უძველესი ქართული ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები.

გამოფენაზე მსოფლიოს 19 ქვეყნის 3000-მდე კომპანიის მიერ დამზადებული  პროდუქცია იქნება ექსპონირებული. ქართული გამოფენა ევროპიულ ნაწილში იქნება განთავსებული.

საქართველოში მე-18 საუკუნიდან გავრცელებული იყო დაჩითული ქსოვილი, რომლის დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენდა  ყოფითი  მოტივებიდან აღებული სხვადასხვა დეკორატიული ატრიბუტები. მასალად ტრადიციულად გამოიყენებოდა სელისა და ბამბის ქსოვილი, რის შედეგადაც ლურჯი სუფრის ფონი მერყეობდა ღია ლურჯიდან მუქ ლურჯ ფერამდე. ძირითადი დეკორატიული მოტივების განაწილებას თვითონ ოსტატი განსაზღვრავდა.

ლურჯი სუფრა, მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულების გარდა, ისეთ რიტუალურ ხასიათსაც ატარებდა, როგორიცაა საქორწინო ნადიმი, საეკლესიო დღეობა და ა. შ. აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით კი დარბაზობის დროს კარისკაცთა პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუკუნეში ლურჯი სუფრა უკვე თბილისის მოსახლეობაში გავრცელდა. XVIII-XIX საუკუნეების ლურჯი სუფრების კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში დაკარგული ტრადიციული “ლურჯი სუფრისა” და მოჩითული ქსოვილების დამზადების ტექნოლოგია აღდგა და ამ ტექნოლოგიის შესასაწავლად სამხატვრო აკადემიაში სახელოსნო გაიხსნა.