29 ნოემბერი, 2014

გოჩა კაპანაძე იუბილარია

5555მსახიობი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე იუბილარია. მას 54 წელი შეუსრულდა. ხელოვანი ამჟამად ცხივნალის თეატრში მუშაობს, თუმცა არც სხვა მიწვევებზე ამბობს უარს და როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც დგამს სპექტაკლებს.

იუბილარმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. მოგვიანებით კი პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტზე ისწავლა.

გოჩა კაპანაძის შემოქმედება განსაკუთრებით კარგად იციან აზერბაიჯანში. ბაქოში რეჟისორმა რამდენიმე სპექტაკლი დადგა და საკმაოდ წარმატებითაც. გოჩა კაპანაძე წლების განმავლობაში თბილისის აზერბაიჯანული თეატრის ხელმძღვანელიც იყო. ის არის ერთადერთი რეჟისორი საქართველოში, რომლმაც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა თეატრში დადგა სპექტაკლი.

გოჩა კაპანაძეს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს სპექტაკლები “მზის დაბნელება საქართველოში”, “მედეა”, “გუშინდელნი”, “ბედნიერი ერი?!”, “მარიამ სტიუარტი”, “მოხუცი ჯამბაზები”, “ერთი, ორი, სამი…”, “ბედი წარმავალთა”, “დარისპანის გასაჭირი”, “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი”, “აზნაურები?!”, “მატარებელი”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “უჩინმაჩინის ქუდი”.

რეჟისორის სპექტაკლებიდან მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა “მოხუცი ჯამბაზები”, რომელშიც ქართული თეატრის ნამდვილი ვარსკვლავები მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, ზაზა ლებანიძე მონაწილეობდნენ. მედეა ჩახავას, ზინა კვერენჩხილაძისა და გურამ საღარაძის გარდაცვალების შემდეგ, რეჟისორმა ეს მსახიობები ჩაანაცვლა, თუმცა ისინი სპექტაკლში მაინც დატოვა. “მოხუცი ჯამბაზები” რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის რეპერტუარიდან მოხსნა, თუმცა მაყურებლის დიდი ინტერესის გამო, სპექტაკლი კვლავ თეატრში დააბრუნა.