28 ნოემბერი, 2014

დათო ხუჯაძემ ახალი კლიპი გადაიღო

555მომღერალმა დათო ხუჯაძემ ახალი კლიპი გადაიღო. “როცა ჩემთან ხარ” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელზეც დათო ხუჯაძესთან ერთად ფერნანდო სანჩეს აბადმა იმუშავა. ტექსტი ინესა კამინსკაიას ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი მარია სკობელევაა, გადაღებები კი სიყვარულის ქალაქ პარიზში მიმდინარეობდა. ამ რეჟისორთან მომღერალმა უკვე მეორედ იმუშავა. პირველი კლიპი მარია სკობელევამ დათო ხუჯაძეს გადაუღო სიმღერაზე “მიყვარდი”. ამჯერად რეჟისორი კლიპში მთავარ მოქმედ გმირადაც იქცა.

როცა დათოს და მარიას ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ყველამ ჩათვალა, რომ ქართველმა მომღერალმა თავისი რჩეული ფართო საზოგადოებას გამოუჩინა, თუმცა ეს კადრები მხოლოდ კლიპის გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა. დათოს გული კვლავ თავისუფალია და ის დიდი სიყვარულის მოლოდინშია.

კლიპის გადაღებები სიყვარულის ქალაქში ლუვრის მოედანსა და ეიფელის კოშკთან 2 დღე გრძელდებოდა. როგორც დათო ხუჯაძე ამბობს, მისთვის ეს სიმღერა და კლიპი ყველა სხვა დანარჩენებისგან რადიკალურად გამორჩეულია:

“სიმღერა მე და კუბელმა მუსიკოსმა ფერნანდო სანჩეს აბადმა ერთად შევქმენით. სიმღერის ტექსტზე იმუშავა პოეტმა ინესა კამინსკაიამ. ის ჩემი რამდენიმე სიმღერის ტექსტის ავტორია. ჩემთვის ეს სიმღერა და კლიპი ისეთი ჰარმონიულია და ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთში, რომ ამაზე უკეთეს თანხვედრაზე უბრალოდ ვერც ვიოცნებებდი. ის, რომ კლიპის პარიზში გადაღება მოვახერხეთ, ნამდვილი სასწაულია. თუ სიმართლე გაინტერესებთ, პარიზში პირველად ვიმყოფებოდი. გამაოცა მისმა სილამაზემ, არქიტექტურამ, არაჩვეულებრივმა “შუქმა”, რომელიც ამ ქალაქშია. იმ ფაქტმა, რომ სწორედ სიყვარულის ქალაქში გადავიღეთ კლიპი სიყვარულზე, კიდევ უფრო მეტი რომანტიზმი შესძინა ჩვენს ნამუშევარს, ხოლო როცა კლიპის გადაღებისას ციდან წვიმა წამოვიდა, ყველამ ჩავთვალეთ, რომ ეს ბუნების ნამდვილი საჩუქარია. ყველას მადლობას ვუხდი იმ სასწაულისთვის, რაც პარიზში გადამხდა და მჯერა, რომ იგივე სასწაულის განცდა გექნებათ თქვენც, როცა ჩემს ახალ კლიპს ნახავთ სიმღერაზე “როცა ჩემთან ხარ.”