დოდო აბაშიძე – ქართული კინოს რაინდი

15 ივნისი, 2018

დოდო აბაშიძე - ქართული კინოს რაინდიმსახიობი დოდო აბაშიძე მაყურებელს მარტო მისი ნიჭის გამო კი არ უყვარს, არამედ იმ უშუალობისთვის და გულწრფელობისთვის, რომელსაც ეკრანიდანაც კი იგრძნობდით.

სცენარისტი სულიკო ჟღენტი მასში ყველაზე მეტად რაინდობას აფასებდა და შუასაუკუნეებისდარ პატრიარქალურ რაინდს უწოდებდა:

“დოდო რაინდია. დიახ, სწორედ შუასაუკუნეებისდარი პატრიარქალური რაინდი. მას სხვა ვერაფერს შევადარებ. ამის დასტურად მისი ცხოვრებიდან მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო.

ერთხელ მოსკოვში გვიან ღამით ვბრუნდებოდით სასტუმროში. ტაქსის გაჩერებაზე შეზარხოშებული ყმაწვილები ქალს აკიდებოდნენ. დოდომ მაშინვე შეამჩნია, მრისხანედ დააკვესა თვალები და მოსთხოვა, ახლავე ბოდიში მოუხადეთ ქალბატონსო.

სასმელით აღგზნებულმა ტანმოსულმა ბიჭებმა დოდოს სიტყვები იუკადრისეს და მუქარით შემოგვერტყნენ გარს.

დოდოს ცალ ხელში მძიმე ჩანთა ეჭირა. ვუთხარი, ჩანთა დააგდე, ეტყობა, ჩხუბი მოგვიწევს-მეთქი.

დოდომ მიყვირა: მეტი საქმე არა მაქვს, ორივე ხელი გავისვარო, ცალითაც ვეყოფიო.

ყმაწვილები უცბად გონს მოვიდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და წავიდნენ.

დოდომ კი ფეხი არ მოიცვალა, სანამ ქალი ტაქსში არ ჩასვა და არ გაისტუმრა.”