ასეთია ქუჩის მუსიკოსების ხვედრი

22 ივნისი, 2018

ასეთია ქუჩის მუსიკოსების ხვედრი ქუჩის მუსიკოსები ამ კვირის მთავარი თემაა. ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ მათთვის სიახლეების შეთავაზება გადაწყვიტა.

ამ აქტუალურ საკითხს მწერალი ზაალ სამადაშვილი 1994 წელს დაწერილი ჩანახატით “ქუჩის მუსიკოსები” გამოეხმაურა:

“მტკვრის სანაპიროსთან ახლოს მდგარ, არტ-ნუვოს სტილის სამსართულიან, მაღალ სასახლეში ადრე ალბათ ვიღაც მდიდარი კაცი ცხოვრობდა. მერე, საბჭოთა ხელისუფლების დროს, აქ ქალაქის ყველაზე დიდ მაღაზიას ედო ბინა. ამჟამად მისი მხოლოდ ერთი ფლიგელია დაკავებული. ფლიგელში უცხოეთიდან შემოტანილი სურსათითა და სასმელით ვაჭრობენ.

გარეთ, ამერიკული სიგარეტებისა და გერმანულ-სკანდინავიური ლუდის რეკლამებით გადაჭრელებულ ვიტრინასთან, დაბალ, დასაკეც სკამებზე გიტარისტი და ფლეიტისტი სხედან. ისინი შუახანს მიტანებული მამაკაცები არიან – გამხდრები, გაუპარსავები. ორივეს გახეხილი, გვარიანად ნახმარი ჯინსები აცვია. უკრავენ თითქმის ყველაფერს: კლასიკურ და ჯაზურ კომპოზიციებს, როკენროლს, ბლუზს. ფულის ასაგროვებლად ევროგაერთიანების ემბლემიანი მომცრო მუყაოს ყუთი უდგათ ფეხებთან.

დილაადრიან მოდიან, ფლიგელში მომსახურე მაღალფეხებიანი გოგოების გამოჩენამდე. მოდიან თითქმის ერთდროულად. იშვიათად, რომ ერთ-ერთმა დიდხანს ალოდინოს მეორე. დაკვრის დაწყებისათვის სცენაზე მყოფი ორკესტრანტების გულმოდგინებით ემზადებიან. ჟღერადობა უმოწმდება ხავერდგამოკრულ მოგრძო ყუთიდან ამოღებულ ფლეიტას, ეჭიმება და უფომფლოვდება სიმები დიდ, ფორთოხლისფერ გიტარას…

თუ არ ჩავთვლით ორ-სამ წუთან პაუზებს კომპოზიციებს შორის, რომლის დროსაც გაფლილ ხელისგულებს შარვალზე გასმით იმშრალებენ, შუადღემდე შეუსვენებლად, გაბმულად “უბერავენ”. შუადღეზე ისვენებენ, პურით და წყლით იკლავენ წყურვილსა და შიმშილს. დაბრაწულქერქიან, კარგად აფუებულ პურს იქვე ყიდულობენ, ქუჩის გადაღმა, ციცქნა საცხობში. წყალიც არ არის შორს, ჭიქების მაგივრობას “კოკა-კოლას” ქილები სწევენ…

მერე ისევ აგრძელებენ “შებერვას”. “უბერავენ” შებინდებამდე. ამვლელ-ჩამვლელები, რომლებიც ფულს იმეტებენ მათთვის, ორ ჯგუფად იყოფიან (ასაკს და სქესს მნიშვნელობა არა აქვს): ერთნი, წინ რომ უჩერდებიან და ისმენენ და მეორენი, მხოლოდ ფულის დასადებად რომ ყოვნდებიან, მაგრამ თვალს თუ გააყოლებ, შეამჩნევ, როგორ დაუპყრია მათი ნაბიჯები იმ მომენტში ახმიანებულ მელოდიას, მის რიტმს…

შებინდებისას, ინსტრუმენტების შალითებში ჩაწყობის, სკამების აკეცვისა და გამომუშავებული თანხის გაყოფის შემდეგ დასალევად მიდიან… რათა შინ დაბრუნებულებმა შედარებით იოლად აღიქვან გაანჩხლებული ცოლების საყვედურები და გაგულგრილებული შვილების დამცინავი მზერა…

ერთი სასდილო აქვთ ამოჩემებული – იაფიანი, გვიანობამდე მომუშავე. სვამენ ფალსიფიცირებულ, რომელიღაც ტურტლიან სარდაფში გამოხდილ არაყს და ლაპარაკობენ ყველაფერზე – მუსიკის გარდა. როცა შეთვრებიან, აუცილებლად (ვინ იცის მერამდენედ) იხსენებენ ელია კაზანს, ეროვნებით ბერძენ, გაამერიკელებულ რეჟისორსა და მწერალს, რომელიც დიდად ემადლიერება თავის მშობლებს კონსტანტინოპოლის დროულად დატოვებისა და შორეულ კონტინენტზე გადასახლების გამო. მისი ბიოგრაფიის ეს დეტალია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ დეტალის ირგვლივ მიმდინარეობს ხოლმე საუბარი ბოლო ჭიქის გამოცლამდე…

როგორც მოგახსენეთ, ქუჩის მუსიკოსები თითქმის ყველაფერს უკრავენ: ჯაზს, როკენროლს, ბლუზს. ისინი, ჯონ ლენონის ტოლები, გამორჩეული მონდომებით ასრულებენ “ბითლზის” რეპერტუარს…

ერთი სიმღერა გამოსდით ამ რეპერტუარიდან ყველაზე უკეთ. სიმღერა, სახელად “HELP!”