ფერეიდნელი ქართველების საოცარი ისტორია – “ასე არასოდეს მიტირია”

ფერეიდნელი ქართველების საოცარი ისტორია - ასე არასოდეს მიტირიანიაზ ზოსიძე ფერეიდნელი ქართველების შესახებ საოცარ ისტორიას ავრცელებს:

“ასე არასოდეს მიტირია…

(ფერეიდნელ ქართველებთან)

მე, ჩემი მეგობარი ზაზა შაშიკაძე, ჩვენი მასპინძლის სოსო მიქელანის (მიქელაძის) ოჯახობა და ასეულობით ფერეიდნელი ქართველი ,,ციხე-მთისკენ” მივემართებით…

… საოცარი დღესასწაულია ,,მთაციხობა” … ყოველწლიურად, ამ დღეს ფერეიდნელი ქართველობა მთის წვერზე ადის გმირ მამა-პაპათა სულის სადიდებლად…

შაჰ-აბასის მიერ ნაგვემი და ნაწამები სხეულის მოშუშება ვერ მოასწრო ფერეიდნელმა ქართველობამ – უსასტიკესი ქერიმხანის ათი ათასიანი ჯარი დააცხრა თავს… ამიერიდან ხარკი უნდა მიხადოთო…
მაღალ, შიშველ კლდეებს შეაფარა თავი უღონო ქართველობამ და იქიდან აუტეხა ბრძოლა ქერიმხანს…

თავაზაშვილს კლდის ქიმიდან თოფით ქერიმხანის გვერდით მჯდომი გაუგორებია…
– რატომ ქერიმხანი არ მოკალი, შენ ხომ ეს შეგეძლოო?- უთხრეს…- ჩვენ ასე გვასწავლეს, მტერი ორთაბრძოლაში მოვკლათ და არა მალულადო,- უთქვამს, თავაზაშვილს…
კახელი დედები ჩვილი ბავშვებით ხტებოდნენ კლდეებიდანო…
სისხლის ტბორები დადგაო, მთაზე…
– ვინც გადარჩა, თვალები აუხვიეთ და ისე მოკალითო, ქერიმხანმა…
– თვალებს არ ავიხვევთ, სიკვდილს თვალებში ჩავხედავთო, ჩვენებმა…

ერთ-ერთი გმირი დედა მიწაზე ზურგით დანარცხებულა, მკერდით შვილი რომ გადაერჩინა…
გადაარჩინა… იმის შთამომავლებსაც შევხვდით…

ამაზე სხვა დროს…

ფერეიდნელ ქართველთა სულის სიმტკიცით გაოგნებული ჩამოვედი მთის ძირში…

ასე არასოდეს მიტირია…”