3 თებერვალი, 2018

ოთარ ჭილაძე – ქართული ლიტერატურის უდიდესი საგანძური

ოთარ ჭილაძეოთარ ჭილაძე და მისი რომანი “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ცხოვრების ნამდვილი გზამკვლევია. თითოეული ფრაზა ამ ნაწარმოებიდან მკითხველს ცხოვრებისეულ სიღრმეებში ამოგზაურებს და მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდებს.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ოთარ ჭილაძის რომანიდან “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”:

“ხიზანის ბუნებაც ხომ ასეთია. ის, რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე, მაგრამ ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია. მართალია, შენ (მისი შემფარებელი) ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი უმთავრესად შენკენაა მომართული, რადგან შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა და თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ გაქვს შენ და არა მას?
ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი, მადლიერების ეს გრძნობა კი დამაკნინებელია, ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს, უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას. რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები, მაგრამ “ვალი” თავის თავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს.

ამგვარი “ვალი” კი, უმთავრესად ისე ნაზღაურდება, როგორც ფრიქსეს ვაჟებმა აანაზღაურეს: ბოროტებით, ღალატითა და სისხლით, რათა თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, კეთილსა და შემბრალებელს, დაგიმტკიცონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, რომ მთლად სამოწყალოდ არ გახდომიათ საქმე. პირიქით, ისინი ისე გაგიხდიან საქმეს, შენ თვითონ რომ დაგჭირდეს ახლა მოწყალების თხოვნა; და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ თვითონ იციან, მაშინ გაჩვენებენ, როგორ უნდა მოწყალების გაღება. მათ უკვე უსწავლიათ შენგან და საკუთარ კისერზედაც გამოუცდიათ, თუ რა ბოროტების მოტანა შეუძლია უთავბოლო, უანგარიშო სიკეთესა და ხელგაშლილობას.

ისინი ხომ ზურგს უკან ყოველთვის დაგცინოდნენ, როცა პურს თანაბრად ჭრიდი მათთვისაც და საკუთარი შვილებისთვისაც, როცა შვილებს მეტი სიმკაცრით სჯიდი, თუკი უნებურად რამეს აწყენინებდნენ უცხო თესლის ნაშიერებს, მარადიულ ლტოლვილებს და ამით, რა თქმა უნდა, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადიოდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს, რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია და ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია. შენი მზე იმ მზეს ვერასოდეს ვერ შეცვლის. გახსენებით კი გაახსენებს და უარესად დაასევდიანებს, გააბოროტებს. ის შენს მზეს უყურებს და თავისი მზე უდგას თვალწინ, შენს პურს ჭამს და თავისი პური ენატრება, შენს წყალს სვამს და თავისი წყაროს ჩუხჩუხი ესმის, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება, ადამიანისა არა, ხიზნისა…

ახლა აიეტმაც იცოდა, შეცდომა რომ ჩაედინა, რადგან სწორედ ფრიქსეს ნაშიერებს გადაებირებინათ მის წინააღმდეგ დედაცა და დეიდაც, მისი ღვიძლი ქალიშვილები, და გუშინდელი ბიჭივით გაეცურებინათ კაცი, რომელიც საზარელი ხმითა და ღონით ომის ღმერთს ედრებოდა. მაგრამ აიეტის არსება მაინც წინააღმდეგი იყო, მიეღო ეს შეცდომა, შეცდომა დაერქმია იმისთვის, რასაც ადამიანის მოვალეობად თვლიდა, სიკეთედ აღქმული ბოროტებად დაენახა.”