15 ივლისი, 2017

“თეატრიდან მაგდებენ!”

საქართველოს პანტომიმის თეატრი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია მოღვაწეობს, პრობლემებს წლებია ებრძვის, თუმცა ახლა განსაკუთრებით მძიმე პერიოდი უდგას.

თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი junior-ი თბილისის ვიცე-მერს ნინა ხატისკაცს მიმართავს:

“ქალბატონო ნინა, იძულებული ვარ, ეს ვიდეო გავავრცელო!

შალიკაშვილი ცოცხალია და 3 წლის მანძილზე დაგდევთ თეატრის პრობლემის მოგვარებისთვის, მაგრამ შალიკაშვილზე და მებუკეზე ხელფასის განახევრების მეტი არაფერი გაგიკეთებიათ!

მე რომ ია მაქაცარიას დიდ პატივს ვცემ, ეს ჩემი საქმეა და ბოდიშს მოვუხდი, თუ ამ პოსტით რამეს ვაწყენინებ!

მე დღეს თეატრიდან მაგდებენ და იცით რა? კაბელებს მიფეთქებენ, რომ გავჩერდე და ვინ იცით? ვინ და ვისაც მეორეჯერ აძლევს 1 ლარად ეკონომიკის სამინისტრო 52 წლის უნიკალურ თეატრს!

უკაცრავად, მაგრამ გენახათ “ვეფხისტყაოსანი” და იქნებ გაგეგოთ რასთან გაქვთ საქმე!

სამწუხაროდ, მალე აღარ გვეყოლება ამირან შალიკაშვილი, მაგრამ მისი სახელი მარადიულად დარჩება და სანანებელი გექნებათ ასეთი აგდებული ურთიერთობისთვის!

კი, მადლობა ჩემი ძმა რომ დამასაფლავებინეთ, მაგრამ ალბათ აგერიათ რაღაც, იმიტომ რომ გოჩას ეგ ისედაც ეკუთვნოდა!

ეს თქვენი სიტყვებია და სანამ მამაჩემს მახათას მთაზე ადგილს გამოუყოფთ, მანამდე შალიკაშვილის თეატრს ადგილი გამოუყავით, რომ აშენდეს საერთაშორისო 21-ე საუკუნის დონის ცენტრი ამ უნიკალურ ქვეყანაში!”

თვის ბოლოს თეატრი მშვიდობიან აქციას ჩაატარებს, სადაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას შესაბამისი უწყებებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვს.