28 მაისი, 2017

“სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადება გვიწევს”

ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებული ბავშვთა ქალაქი მზიური ერთი წლის წინ ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით კვლავ გამოცოცხლდა.

ბევრმა ამ სასიამოვნო ამბით მართლაც გაიხარა, ბევრისთვის კი მოწესრიგებული მზიური სულაც არ აღმოჩნდა დადებითი სიახლე.

ამის დასტურია ინფორმაცია, რომელსაც “ახალი მზიურის” ინიციატორები ავრცელებენ:

“ალბათ გახსოვთ, როგორ გვიხაროდა ერთი წლის წინ ქალაქ თბილისის მერიის მიერ მზიურის აღდგენილი კარიბჭეს ამბავი, სადაც 90-ან წლებში გაძარცვული ძეგლები ისევ მისი ავტორის, გია ჯაფარიძის უშუალო ჩართულობით იქნა აღდგენილი.

სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადება გვიწევს. რამდენიმე დღის წინ, ღამე ცდილობდნენ ჩიტების და სხვა ცხოველების მოჭრას და მოპარვას. საბედნიეროდ, დაცვამ დროულად შეამჩნია და მოჭრილი ჩიტების წაღება ვერ მოასწრეს, თუმცა ძეგლი დაზიანებულია და დამნაშავე გაქცეული…

ისევ თხოვნით მივმართეთ მერიას და რამდენიმე დღეში ჩიტებს დაამაგრებენ ადგილზე, თუმცა გული სულ სხვა რამეზე გვწყდება – როცა გაკეთებულს აფუჭებენ, აზიანებენ და არ ფიქრობენ იმაზე თუ რამდენი შრომაა ამ ყველაფრის გაკეთებისას ჩადებული.”