1 აპრილი, 2017

ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელი საგასტროლო ტურნეთი აღინიშნება

„ილია ჭავჭავაძის მუდმივი ხსოვნა, მისი მოძღვრებების პოპულარიზაცია, მადლიერების თუნდაც სიმბოლური გამოხატულება „ახალ დროების წინამორბედისადმი“ მთელი ერის ვალია. მისი საიუბილეო წლის აღნიშვნა კი ქვეყნის მასშტაბით ის სოციო-კულტურული აქტია, რომელიც საზოგადოების სახეს განსაზღვრავს“.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა 3 აპრილს დაიწყება, შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის” ერთობლივი პროექტით – საიუბილეო საგასტროლო ტურნე „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების მუნიციპალურ ცენტრებში, პირველ ეტაპზე 30 ქალაქში საიუბილეო ღონისძიებების განხორციელებას. თითოეულ ქალაქში ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: ილია ჭავჭავაძის შესახებ შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშები, შესრულებული თანამედროვე არტისტების მიერ. ექსპოზიციაში გაერთიანებული იქნება გიორგი გეგეჭკორისა და ალექსანდრე ციხელაშვილის ილიას ფერწერული პორტრეტები, გია ჯაფარიძის, გენადი ზაქარაიას და მერაბ მერაბიშვილის ილიას სკულპტურული ქანდაკებები, ირაკლი მაისურაძის, ქეთევან ყურაშვილის, ირაკლი ჭუმბურიძის და თამარ რიგიშვილის მიერ დაწერილი წმიდა ილია მართლის ხატები, რომლებიც პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე, რადგან ეს ნიმუშები დაცული იყო ავტორთა პირად ან სხვა კერძო კოლექციებში.

სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“, რომლის ავტორი და რეჟისორია გიორგი სავანელი, რომელშიც ილიას ცხოვრების ეპოპეას გვიყვება. ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მოქმედება ვითარდება ილიას პეტერბურგიდან დაბრუნებიდან მისი მკვლელობის დღემდე, სცენაზე ცოცხლდება XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ისტორიული პერიპეტიები და ილიას თანამედროვე ისტორიული პერსონაჟები.

სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში მეორე სეზონია გადის და მასში მონაწილეობენ მსახიობები გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, თამარ ლოლაშვილი, გიორგი სავანელი, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი გურული, თამარ ადამია, ვაკო კობერიძე, ცოტნე ხუბუტია, ლაშა ჩხვიმიანი.

პროექტის მხარდამჭერები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის და განათლების სამინისტრო, „ჯორჯიან ამერიქან ელოის“, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობები. მედია მხარდამჭერები კი არიან ტელეკომპანია „იბერია“ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“.

პროექტი 3 აპრილს ქუთაისიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში საქართველოს 30 ქალაქს მოიცავს. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ილია ჭავჭავაძის იუბილე სათანადო მასშტაბით, მით უფრო რეგიონების უშუალო ჩართულობით აღინიშნება. პროექტის სოციალური, კულტურული და საზოგადოებრივი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ საიუბილეო ღონისძიებების ხილვა, ყოველ ქალაქში, ყველა აქტივობაზე დასწრება თავისუფალი იქნება.