ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო წარმატებული და აღიარებული ხდება. მის მიერ მაღალი მოდის კვირეულებზე წარდგენილი კოლექციები უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.
წლის ბოლოს The Fashion Awards 2016-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ROYAL ALBERT HALL-ში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მოდის კრიტიკოსებმა, დიზაინერებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მოიყარეს თავი.
წლის საერთაშორისო დიზაინერად Balenciaga-ს ქართველი დირექტორი და Vetements-ის კოლექციის შემქმნელი დემნა გვასალია დასახელდა.
დემნა სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავმა მერილინ მენსონმა მიიწვია. ქართველი დიზაინერი სცენაზე თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად ავიდა. ისინი Vetements-ს ერთობლივად უძღვებიან.