29 თებერვალი, 2016

ზეინაბ ბოცვაძე – 50 წლის ასაკში შეწყვეტილი ტანჯული სიცოცხლე

1zeinab-bocvaZe“მაინც ამოვთხრი!” – ეს ფრაზა ყველასთვის კარგად არის ცნობილი თენგიზ აბულაძის გენიალურიფილმიდან “მონანიება”. ქეთევან ბარათელის როლის შემსრულებლისთვის – ზეინაბ ბოცვაძისთვის ეს ფრაზა სავიზიტო ბარათად იქცა.

“არტინფო” 50 წლის ასაკში გარდაცვლილი ნიჭიერი მსახიობის ცხოვრებას და შემოქმედებას გაგაცნობთ.

მისი სამსახიობო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ქუჩაში დაინახა, მოეწონა და თავის ფილმში “ჩქარი მატარებელი” გადაიღო. ფილმში მსახიობის გმირს ბიჭი ესალმება ფრაზით: “გამარჯობა გოგონა”. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ზეინაბ ბოცვაძეს ყველა ამ ფრაზით ესალმებოდა.

პირველად მომავალი მსახიობი ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა შეამჩნია, რასაც მსახიობი თავად ასე იგონებდა:

“სკოლიდან ამხანაგებთან ერთად მოვდიოდი. შემჩნეული მყავდა ერთი კაცი, რომელიც მითვალთვალებდა და ძალიან უცნაურად მიყურებდა. არ ვიცი, დღესაც ვერ ავხსნი რატომ, ჩემს კლასელებს ვუთხარი, რომ ეს კაცი რეჟისორია და კინოში უნდა გადამიღოს-მეთქი. მართლაც, ორი დღის შემდეგ, ამ კაცმა გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემი კინოში გადაღება სურდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი ოპერატორი ლევან პაატაშვილი. ასე მიმიყვანეს პირველად გადასაღებ მოედანზე. მზადდებოდა ფილმი “დღე პირველი, დღე უკანასკნელი”. სტუდიიან შინ რომ დავბრუნდი, ქვეყანა შვეყარე, კინოში მიღებენ-მეთქი. სამწუხაროდ, ამ ფილმში არ გადამიღეს. მითხრეს, ძალიან პატარა ხარო. ასე ვიგრძენი პირველი ტკივილი. მეორედაც მიმიწვიეს. იქაც არ ამიყვანეს როლზე და გული ამიცრუვდა. მაგრამ მოხდა საოცრება და ნანა მჭედლიძემ მიმიწვია. ძალიან ბევრი გოგონა ცდილობდა, ეთამაშა ნანას ფილმში, მაგრამ მას არავინ სურდა. როგორც კი დამინახა, თქვა, აი, ამ გოგონამ უნდა ითამაშოს ჩემს ფილმშიო.”

16 წლის ასაკში ზეინაბ ბოცვაძემ რეზო ჩხეიძის ფილმში “განძი” ითამაშა, სადაც ფუნდუს როლი შეასრულა. ამას მოყვა სხვადასხვა ფილმები, თუმცა მისი კინოშემოქმედების ზენიტად თენგიზ აბულაძის “მონანიებაა” მიჩნეული.

ცნობილი ამბავია, რომ თავდაპირველად ბარათელი კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფილმის რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა და სწორედ ამ სიზმრის შემდეგ გახდა ეს გმირი ქალი. თავად მსახიობი ამ ამბავს ასე იხსენებდა:

“ჩემთვის შეიძლება უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ აუცილებელი შემთხვევიობა იყო. თითქოს აუცილებლად უნდა შემხვედროდა ქეთევანი. სცენარის მიხედვით ბარათელი კაცი უნდა ყოფილიყო. ბატონ თენგიზს სიზმარში ვუნახივარ. მან მომიყვა: სიზმარში გნახე, თითქოს ქეთევან ბარათელი იყავი და პირველად ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მინდა ბარათელი ქალი იყოს, თანაც ზეინაბ ბოცვაძე-მეთქი. მეუღლე ქალბატონი მზია მახვილაძე მაშინვე დათანხმებულა, რისთვისაც მადლობელი ვარ. შემდეგ ბატონი თენგიზი კინოსტუდიაში მისულა. შეუკრიბავს რეჟისორები და უთქვამს, გადავწყვიტე ბარათელი ქალი იყოს და ვის შემომთავაზებთო. სხვათაშორის, როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა, ვუთხარი, ალბათ არავის გავხსნებივარ-მეთქი. ჰო, არავინ გახსენაო, მიპასუხა. იქ ძალიან ბევრი მსახიობი ქალი დაუსახელებიათ, მაგრამ ბატონმა თენგიზმა განაცხადა, რომ მე უნდა მეთამაშა… ახლა კი როგორც უჰაეროდ არ შეგვიძლია სიცოცხლე, ასევე არ შემიძლია ქეთევანის გარეშე არსებობა. მან იმდენი რამ განმაცდევინა. ვერ გეტყვით, მე და ქეთევანი არ ვგავართ ერთმანთს. პიროვნულად მასთან საერთო ბევრი რამ მაქვს, გარდა ერთისა – მე მკვდრების მეშინია და მიცვალებულს ნამდვილად ვერ ამოვთხრი. ქეთევანმა ძალიან ბევრი სიხარული მომანიჭა, ძალიან ბევრი რამ გამაგებინა, ბევრი რამ მასწავლა. ქეთევანის წყალობით, სამართლიანობის სიმბოლო აღმოვჩნდი.”

ზეინაბ ბოცვაძის ქეთევან ბარათელის როლზე დამტკიცების წინააღმდეგი ნანა ჯანელიძე იყო, თუმცა მსახიობის გაცნობის შემდეგ, ეს აზრი შეიცვალა.

“ვწუხვარ, რომ ამ ჭეშმარიტად ნიჭიერ მსახიობს ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მხოლოდ მეორე ნახევარში შევხვდი,” – ამბობდა თენგიზ აბულაძე ზეინაბ ბოცვაძესთან დაკავშირებით.

წარმატებულ მსახიობს საყვარელი ადამიანების გარდაცვალებამ დიდი კვალი დაატყო. 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, არანაკლები ტრავმა მიიღო, როდესაც თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა, ხოლო დედის გარდაცვალებამ საბოლოოდ გატეხა, თეატრში სცენაზე გასვლა და თამაში აღარ უნდოდა, ჩაიკეთა საკუთარ თავში და გულჩათხრობილი გახდა. ამდენმა ტრაგედიამ თავისი გაიტანა და სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის ასაკში დიაბეტით დაავადდა.

საყვარელი ადამიანების გარდაცვალებას დაემატა გულისტკენა თეატრში, სადაც ბევრჯერ აწყენინეს, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, მთავარი როლები მისთვის არ იყო განკუთვნილი, ხშირად ამბობდა, მათ მე ბედნიერება წამართვესო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მშობლიური რუსთაველის თეატრის ერთგული დარჩა და სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, სპექტაკლებშიც მონაწილეობდა.

ზეინაბ ბოცვაძე მის მიერ განსახიერებულ როლებზე წერდა:
“სიყვარულით ვთამაშობდი იმ ქალებს, რომელთა ცხოვრებასაც გამანებივრებელი ზურგის ქარი არ შეწევია და რომლებმაც მიუხედავად ამისა, არ დაკარგეს რწმენისა და ოცნების ბედნიერი უნარი. ასეთებად მესახება ანგუსტუსი “ბერნანდა ალბას სახლიდან” და მაგდალენა.”

ფაქიზი სულის ხელოვანმა ვერც პირადი ცხოვრება მოიწყო – ერთხელ იქორწინა, მაგრამ საყვარელ ადამიანს მალევე დაშორდა და იმის შემდეგ ოჯახი აღარ შეუქმნია. მსახიობს არც შვილი დარჩა. ერთხელ, როდესაც საავადმყოფოში მოხვდა და დიაბეტიანი ბავშვები ნახა, მაშინ მტკიცედ განაცხადა, აი, ამიტომ არ გავაჩენ შვილს, არ მინდა ასეთი ტანჯვა გამოიაროსო.

ზეინაბ ბოცვაძისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ცხოვრების ბოლო 10 წელი აღმოჩნდა, აღარც ფილმებში იღებდნენ და აღარც თეატრში ათამაშებდნენ. მსახიობი 50 წლის ასაკში, იუბილემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა. მოსკოვში გასტროლზე წასული მსახიობი სამშობლოში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. 20 წელზე მეტია ზეინაბ ბოცვაძე გარდაცვლილია, მაგრამ მისი პიროვნება დღემდე ყველას ახსოვს.

მსახიობის სახელის უკვდავსაყოფად ქუჩას “ზემელზე”, სადაც ზეინაბ ბოცვაძემ ბავშვობა გაატარა, მისი სახელი ეწოდა. ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში კი მსახიობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...