8 აგვისტო, 2015

მიხეილ ჯავახიშვილის 10 მცნება

1mixeil-javaxishviliმიხეილ ჯავახიშვილი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი და თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა. ის 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მწერლის პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, შემდეგი ნაწარმოები კი მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოაქვეყნა.

“არტინფო” მიხეილ ჯავახიშვილის 10 მცნებას გაგაცნობთ.

მცნება პირველი: “შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.”

მცნება მეორე: “შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.”

მცნება მესამე: “ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, მას ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.”

მცნება მეოთხე: “მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.”

მცნება მეხუთე: “მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.”

მცნება მეექვსე: “განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.”

მცნება მეშვიდე: “გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.”

მცნება მერვე: “სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს დაუჯერე ყველაფერი, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.”

მცნება მეცხრე: “თავმოყვარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.”

მცნება მეათე: “ბოლოს და ბოლოს ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და მესამე შრომა.”