3 ივლისი, 2015

ნინო ბაშარული და მეგობრები ქველმოქმედებისთვის იმღერებენ

1nino-basharuli3 ივლისს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორი მომღერალი ნინო ბაშარულია, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება გადაწყვიტა.

“ნინო ბაშარული და მეგობრები” – ასე ეწოდება კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი ვაკის პარკი, ქეთი ფარესაშვილი, ვაჟა მანია, ნინო ღლონტი, ია ჩანტლაძე, მარიკო ლეჟავა, ნინი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, გიორგი მახარაშვილი, მარიკო ებრალიძე, რომა რცხილაძე, დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები, თათია ხაბურზანია და ნინი დაშნიანი.

კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სააქტო დარბაზის შესასვლელთან დაზარალებულთა დასახმარებლად შესაწირი ყუთები დაიდგმება.

– გეპეის ადმინისტრაციულ კორპუსში 7 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს. დასწრება უფასოა. შემოსასვლელთან შესაწირი ყუთები იდგება და ჩამოტარდება კიდეც კონცერტის ბოლო ნაწილში. ვისაც რისი სურვილი გექნებათ, შეიტანეთ წვლილი და ჩვენ ერთ დაზარალებულ ოჯახს მაინც შევუმსუბუქებთ ყოფას დაგროვილი თანხით, – ამბობს მომღერალი ნინო ბაშარული.