27 ივნისი, 2015

დუდანა მაზმანიშვილი: ,,იქნებ ასე მაინც შევძლო ჩამოსვლა”

11dudanaპიანისტი დუდანა მაზმანიშვილი წლებია უცხოეთში ცხოვრობს. დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ პატარამ დაიწყო, რისთვისაც დღეს მშობლების მადლობელია.

მისი მომავალი მაესტრო ჯანსუღ კახიძემ განსაზღვრა, როცა 14 წლის ასაკში რახმანინოვის კონცერტი დააკვრევინა. დღეს დუდანა გერმანიაშია, საქართველოს საელჩოში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ”პოპულარიზაცია” არ უყვარს, თანამოაზრეებთან ერთად ხშირად მართავს ქართული კულტურის საღამოებს სწორედ მშობლიური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

– დუდანა, რა გზა გაიარეთ დღემდე?

– ადვილი გზა ალბათ არ არსებობს. თუ არსებობს, უინტერესო იქნება. დავიბადე მეცნიერებისა და ხელოვანების ოჯახში. ბავშვობიდან ვერ ვასწრებდი ვერაფერს და ეს დღემდე ყველაზე დიდი პრობლემაა – როცა ადამიანს უამრავი რამ გაინტერესებს, მუდამ დაკავებული ხარ და 24 საათი უბრალოდ არ გყოფნის. დავამთავრე პირველი კლასიკური გიმნაზია და „ნიჭიერთა ათწლედი“, მერე კონსერვატორია ჯერ მიუნჰენში და შემოდგომ ნიუ იორკში. 14-15 წლიდან მარტო მომიწია ცხოვრება, რაც ემიგრაციაში ძალიან ძნელია, თუმცა დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბდი და ჩემი მშობლების ძალიან მადლობელი ვარ ამისთვისაც. რა არ მინდოდა – არქეოლოგობა, როგორც ბაბუას, კინორეჟისორობა, საინტერესოდ ვხატავდი… ფაქტია, რომ არტისტული ნატურა მქონდა. სანამ ჯანსუღ კახიძემ არ დამაკვრევინა 14 წლისას რახმანინოვის მეორე კონცერტი მისი თანხლებით, მუსიკოსობას არ ვფიქრობდი. დღესაც, ხომ ხედავთ, დიპლომატიც ვარ და მუსიკოსიც.

– ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რა იყო თქვენს წარმატებულ პიანისტად ჩამოყალიბებაში?

– ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო 16-18 წლის ასაკი, როცა მიუნჰენში ჩავაბარე და პირველი სტუდენტური წლები. ვმეცადინეობდი თავდაუზოგავად, მართლა 8-10 საათს ვუკრავდი. ვისმენდი საოცარ კონცერტებს, არ გამოვდიოდი ოპერიდან. ოპერამ საერთოდაც დიდი გავლენა იქონია ჩემი, როგორც პიანისტის ჩამოყალიბებაში.

– გვითხარით ძირითადი ეტაპები, რომელიც ნამდვილმა პიანისტმა უნდა გაიაროს.

– ნეტა არსებობდეს წარმატების ფორმულა! საერთოდაც, წარმატება არ არის პიდაპირპროპორციული პროფესიონალიზმთან. ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ვიცი, რომელიც სცენაზე, სამწუხაროდ, არ დგას. რა თქმა უნდა, საჭიროა კარგი სკოლა, ნიჭი, შრომა, ინტერესი. ეს ალბათ უჩემოდაც იცოდით.

– რას უკრავთ როცა გაბრაზებული ხართ ან პირიქით, როცა კარგ ხასიათზე ხართ?

– ამის ფუფუნება მოყვარულს აქვს. პროფესიონალი მუსიკოსი მუშაობს პროგრამაზე მზეა თუ წვიმაა, კარგ ხასიათზეა თუ ცუდზე, შეყვარებულს დაშორდა თუ პირიქით – ბედნიერება იპოვა.

– თუ მიგიღიათ მონაწილეობა კონცერტში ხათრის გამო?

– სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ხელოვანს უჰონორაროდ სთხოვენ ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის მიღებას, რაც, ჩემი აზრით პროფესიონალის უპატივცემულობაა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საქველმოქმედო კონცერტებს – ყოველთვის მზად ვარ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობით. ასეთ შემთხვევებში მომზადების პროცესიც დადებით მუხტს და განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– მაქსიმუმი რთული სათქმელია. მინიმუმიდან ჯობია დავიწყოთ – მქონდეს საშუალება, ბევრი და საინტერესო კონცერტი გავმართო, მქონდეს თარიღების დაგეგმვის პროცესის წარმართვის ფუფუნება და შემეძლოს ისე გავანაწილო ჩემი განრიგი, რომ ოჯახის წევრებთან უფრო მეტ დროს ვატარებდე. შემეძლოს გრძელვადიანი გეგმების დასახვა.

– ვიცით რომ საქართველოს საელჩოში მუშაობთ. რა ღონისძიებები ტარდება გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის?

– სიტყვა „პოპულარიზაცია“ ძალიან არ მიყვარს, თუმცა ქართულ კულტურას ნამდვილად სჭირდება მეტი ყურადღება. თითქმის ყოველ კვირა ვაწყობთ ქართველი მხატვრების თუ ფოტოგრაფების გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, ვავრცელებთ ინფორმაციას თანამედროვე ქართველი ხელოვანების წარმატებების შესახებ, ვმართავთ შეხვედრებს. ვთანამშრომლობთ ფესტივალებთან, საინტერესო თემებს ვთავაზობთ ტელევიზიებს. მაგალითად, გაგანდობთ უახლოეს გეგმებს – 22 აგვისტოს ბერლინის კონცერტჰაუზში ძალიან პრესტიჟული ფესტივალის – Young Euro Classic-ის ფარგლებში ჩატარდება არვო პერტისა და გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. რამდენიმე დღეში კი თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების ფონდისთვის საქველმოქმედო კონცერტს ვმართავ ბერლინში კოლეგებთან ერთად.

2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა და უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს, მეც საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ვარ.

– რომელია თქვენთვის ყველაზე რომანტიკოსი კომპოზიტორი?

– ბახი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ყველაზე თანამედროვეც. თუ პერიოდს გულისხმობთ, მაშინ – შუმანი.

– როგორც პიანისტს, თუ გაქვთ რაიმე ახირებები?

– მხოლოდ განათებაზე. არ მიყვარს, როცა ჩრდილი ისე ეცემ კლავიშებს, რომ დამატებითი შავი კლავიშების ილუზიას ქმნის. ძალიან მაწუხებს ხველება დარბაზში. ევროპაში ამის კულტურა არსებობს – ხველების საწინააღმდეგო კანფეტი იმისათვის, რომ შემსრულებელი არ შეწუხდეს. საუბარი ზედმეტია მობილურის ზარზე. ასევე ჩემი ახირებაა ის, რომ ძალიან პუნქტუალური ვარ და მომწონს, როცა ადამიანები პატივს სცემენ სხვის დროს.

– როგორ მოჩანს საქართველო შორეულ გერმანიაში?

– ჩემთვის ყველაზე ტკბილია. ძალიან მტკივა გული, როცა რამე გასაჭირია.

– თუ გიგრძვნიათ, რომ კონკურენტად აღგიქვამენ?

– არა. ასეთ რაღაცეებს ვერ ვამჩნევ ხოლმე. ამასაც დრო უნდა.

მადლობა ღმერთს, ხელოვნება ზუსტი მეცნიერება არ არის და ყველა შემსრულებელს მისი თაყვანისმცემელი ჰყავს, გემოვნების მიხედვით. რაც მეტი კარგი კლასიკური მუსიკოსი იქნება, მით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება კარგი მუსიკით.

– რა იყო ყველაზე სასიამოვნო მომენტი თქვენს კარიერაში?

– სცენაზე – კონცერტი ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში. შემოქმედებითად – ყოველი შეხვედრა დანიელ ბარენბოიმთან, ერთად ვახშამი იქნება ეს, თუ სიგარის მოწევა. განსაკუთრებით აღვნიშნავდი იმ მომენტს, როცა პირველად დამაკვრევინა მის როიალზე, რომელიც ადრე არტურ რუბინშტაინს ეკუთვნოდა.

– და ბოლოს, უკავშირდება თუ არა თქვენი უახლოესი გეგმები საქართველოში ვიზიტს?

– ძალიან მინდა ზაფხულში ჩამოსვლა, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ვგეგმავ. იმდენი პროექტი მაქვს წამოწყებული, რომელსაც თანხლება და ბოლომდე მიყვანა უნდა, რომ ვერ ვწყდები საქმეს.

დაგეგმილი მაქვს ფესტივალის დაფუძნება თბილისში. იქნებ ასე მაინც შევძლო უფრო ხშირად ჩამოსვლა. ArtInfo-ს მკითხველიც თუ მისურვებს წარმატებას, იქნებ მალე გამოვიდეს!