18 თებერვალი, 2015

იზა გიგოშვილი – შეუდარებელი გრუშე ”კავკასიური ცარცის წრიდან”

iza123სამეფო უბნის თეატრის დამაარსებელმა, ქართული თეატრის მშვენებამ იზა გიგოშვილმა დაუვიწყარი როლები შექმნა. მათგან გასახსენებლად მხოლოდ გრუშეც საკმარისია ”კავკასიური ცარცის წრიდან”. მერაბ თავაძის მეუღლე თავისი ჰუმანიზმით ყველას სიყვარულისკენ მოუწოდებდა და  თავადაც ასე ცხოვრობდა – მხოლოდ სიყვარულით.

მსახიობის დაჟინებული მოთხოვნით, მისი მეუღლე მერაბ თავაძე და შვილი ნიკა თავაძე ფეხით გაემართნენ იერუსალიმისკენ და ამ მოგზაურობის დროს გადაიღეს ფილმი “ხვეული კიბით”.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს იზა გიგოშვილის ცხოვრებიდან, რომელსაც მისი მეუღლე სხვადასხვა დროს იხსენებდა:

* * *

“ხვეული კიბით” დაბადა ჩვენთვის საშინელმა ტრაგედიამ. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, იზამ დაიჩემა, ეტყობა, რაღაც ცოდვა გვაწევს მხრებზე და უნდა მოვინანიოთო. თვითონ გადაწყვიტა, ფეხით წავალ თბილისიდან იერუსალიმამდეო. ეს იდეა უტოპიურად ჩავთვალე. ვერ დავიჯერე, რომ წავიდოდა მარტო და თან ფეხით. ვეცადეთ, მაგრამ ვერაფრით გადავათქმევინეთ, ამ მოვლენას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვსო. საბოლოოდ გადაწყდა, 1990 წელს ფეხით წავსულიყავით იერუსალიმში. ეს მომენტი გამოვიყენე როგორც რეჟისორმა, კინოგადამღები ჯგუფიც თან წავიყვანე და ყველაფერი ფირზე გადავიღეთ. 25 კილომეტრს რომ გავივლიდით ფეხით, გავშლიდით ბანაკს, დავისვენებდით და ასე 25-25 კილომეტრიანი შუალედებით გვიწევდა გადაადგილება. საოცრება ის იყო, რომ ჩვენი ჯგუფის არც ერთ ადამიანს არაფერი დამართნია. გაციება რა იყო, ისიც არ ვიცოდით. ამხელა გზაზე მანქანაც კი არ გაგვფუჭებია. 5 თვის მანძილზე გვეძინა მიწაზე, კარვებში, წვიმაც იყო, განსაკუთრებით, თურქეთის მხარეს, მაგრამ ავად არ გავმხდარვართ. თურქეთში ავედით 3000 მეტრის სიმაღლეზე, სადაც არის უნიკალური ტაძარი პორტა. ეს ტაძარი ქურთების მხარეს არის, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯანმრთელობა არავის შერყევია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნება იყო. 5 თვე დასჭირდა პილიგრიმულ ექსპედიციას. ამ დროს მოვინახულეთ ჩვენი მიტოვებული ძეგლები ტაო-კლარჯეთში. უპატრონოდ მიგდებული, გაღლეტილი ეკლესიების ცქერა საშინელება იყო. მოვინახულეთ ოშკი, ხახული, ბანა, ტბეთი, დოლის ხანა. თურქეთიდან გადავედით საბერძნეთში. საბერძნეთში ათონის მთაზე გავემგზავრეთ მამაკაცები და ერთი კვირა იბერონის მონასტერში ვცხოვრობდით. საბერძნეთიდან გვინდოდა ეგვიპტეში გადასვლა და ქრისტეს გზით სინაიდან შესვლა ისრაელში, მაგრამ ეგვიპტემ არ შეგვიშვა. გვითხრეს, ძალიან ბევრი ტერორისტული აქტი ხდება, ისრაელში მიბრძანდებით და ამის გამო თქვენი უსაფრთხოება დაცული არ იქნებაო. იძულებულები გავხდით, უკან დავბრუნებულიყავით, სირიაში ვიყავით, კიპროსზე დავბრუნდით, იქიდან გადავედით ისრაელში და ფეხით მივედით გოლგოთამდე. გოლგოთა იმდენად ამაღელვებელი იყო ჩვენთვის, იმ განცდის გადმოცემა ახლაც მიჭირს. ახლა ღიაა საზღვრები და ყველა უპრობლემოდ დადის ისრაელში, მაგრამ მაშინ მნიშვნელოვანი რამ იყო გოლგოთის, ჯვარცმის ადგილის, მირონცხების ადგილისა და მაცხოვრის საფლავის მონახულება.

* * *

ისრაელში იერუსალიმის პატრიარქისგან ავიღე ნებართვა, სხვანაირად არ შეიძლებოდა გადაღება. საბედნიეროდ, ნება დამრთეს. მოვითხოვე 5-6 წუთით ამ გზების გადაკეტვა, რომ კადრები გადამეღო. ცარიელი სივრცე მჭირდებოდა, ჩემს მსახიობებს უნდა გაევლოთ და შესულიყვნენ ტაძარში. ყველაფერი მოვამზადეთ, დავდგით ორი კინოკამერა, გზები გადაკეტეს, გადავიღეთ ძალიან სწრაფად და ოპერატიულად, შევედით ტაძარში, გადავიღეთ მაცხოვრის საფლავი, ჯვარცმის ადგილი, მირონცხების ადგილი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დავბრუნდით უკან. მაგრამ იცით, რა მოხდა? სულ მქონდა 300 მეტრიანი კასეტა, 150 მეტრი მქონდა გადაღებული და 150 მეტრი უნდა გადამეღო გოლგოთაზე. როცა ვამჟღავნებდი ფირს, სწორედ იმ ადგილას, საიდანაც იწყებოდა გოლგოთის ეპიზოდები, ფირი იყო მთელი, მაგრამ ფირის გვერდები იყო დაწიწკნილი მთელ გაყოლებაზე. გადაღება მოხდა, მაგრამ ოპერატორს, რომელიც იღებდა, ხმა არ გაუგია. დავასკვენით, რომ იქ კინოს გადაღება არ შეიძლებოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ უფალმა გაგვაფრთხილა, რაც არ შეიძლება, ის არ უნდა გააკეთო. სამწუხაროდ, ეს მასალა არ მაქვს. ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი უფალს, რადგან მან მიმანიშნა, რომ ის, რაც არ შეიძლება, ვინც არ უნდა მოგცეს ნებართვა, პატრიარქი იქნება და უბრალო დიაკონი, არ შეიძლება და არ უნდა გააკეთო. ეს იყო პირველი თვალნათელი ნიშანი, რომლის შემდეგაც მთელი ცხოვარება ვიცი, რომ რაც არ შეიძლება, ის არ უნდა გააკეთო. შემოვიარეთ მთელი ისრაელი თავისი უდაბნოებით, ეკლესიებით, მოვინახულეთ ის ეკლესიები, რომლებიც ქართველებს ეკუთვნოდა. ადრე ქართველებს 33 თუ 34 ტაძარი ჰქონდათ ისრაელში. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, ჩემი მოხერხების თუ დიპლომატიის, მაგრამ მოვახერხეთ ჯვრის მონასტერში ძალიან ადვილად შესვლა. ჩვენმა მღვდელმა ღვთისმსახურება აღავლინა, ორი ადამიანი მოვნათლე ჩემი ექსპედიციიდან. ერთი იყო მუსლიმანი, რომელიც თავიდანვე ძალიან მთხოვდა, მინდა ქრისტიანი გავხდეო, ამას ჯერ კიდევ ტაო-კლარჯეთში მეუბნებოდა. სასტიკ უარზე ვიყავი, მუსლიმანი ხარ და მუსლიმანი უნდა დარჩე-მეთქი, მაგრამ მთელი გზა მეხვეწებოდა, რომ ჩამოვედით ისრაელში, მითხრა, რომ არ მომნათლო, არ შეიძლება, აქედან ისე არ წავალო. სწორედ ჯვრის მონასტერში ჩავატარეთ ნათლობა, იორდანეს წყალში გავბანე ორივე ნათლული. ეს ხომ ნამდვილი სასწაული და საოცრება იყო?!

* * *

იზას სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი, ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში. ეს იყო ყველა დროში ძალიან თანამედროვე ქალი, ყოველთვის გვიკვირდა, რატომ იყო ზედმიწევნით რელიგიური. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიკვირდა ეს, თუმცა აღვიქვამდი, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, მაგრამ როდესაც იზა ფეხშიშველა მიდიოდა მთელი გზა თბილისიდან იერუსალიმამდე, ეს იყო ნამდვილი სასწაული. მას ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს. ჩემთვის ამ შემთხვევაში იზა იყო არა მეუღლე, არამედ აბსოლუტურად განყენებული ადამიანი, რომელსაც ვხედავდი, რომ სავსეა მთელი თავისი არსებით, თავისი რწმენით მიდის დათქმულ ადგილას და არ იხდის მოვალეობას რაღაცის გამო. ეს გამოიხატებოდა ნებისმიერი ტაძრის მონახულებაში, კედლების მოფერებაში, ქვების დალაგებაში. ტბეთის ტაძარი გაპობილია შუაზე, თურქებმა ააფეთქეს ის ტაძარი და არასოდეს დამავიწყდება, როგორ დაიწყო იზამ იმ ტაძრის დალაგება, რომელსაც გუმბათი არ ჰქონდა. თავისი ხელებით ბალახს გლეჯდა, ქვებს ასწორებდა, შემდეგ მექანიკურად მას ყველა აჰყვა. მას არავისთვის უთქვამს, მოდით, დავალაგოთო. ის იწყებდა და დანარჩენები ავყვებოდით ხოლმე. იზა ლიდერი იყო, მე ვიყავი აღმასრულებელი ჯარისკაცი. იზა იყო იდეური ადამიანი, თუ რამეს ჩაიფიქრებდა, ბოლომდე მიიყვანდა.

* * *

იზამ იმდენი გააკეთა, რომ გამხადა აბსოლუტურად რელიგიური. ჩემთვის ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ადრეც დავდიოდი ეკლესიაში, მონაწილეობას ვიღებდი რიტუალებში, მაგრამ იზამ ყველაფერი სხვანაირად დამანახა. რელიგიასთან ურთიერთობა ცალმხრივად არ შეიძლება. ეს არის ისეთი რამ, რაც შენში უნდა იყოს და არ უნდა აფიშირებდეს, სხვის დასანახად არ უნდა იყო რელიგიური და ეკლესიური.

* * *

ჩვენ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ, ჩვენი სახლი ისე დგას, ერთი მხარე უყურებს დასავლეთს და ბინის მეორე ნაწილი უყურებს აღმოსავლეთს. ერთხელ, როცა სახლში მოვედი, იზამ მითხრა, საოცრება ვნახეო: დასავლეთიდან ცაზე მაღლა მოფრინავდა ნელა უზარმაზარი ვარდისფერი მანდილი, ვიფიქრე, მეჩვენება. გადავჭერი მთელი ბინა, გავედი მეორე მხარეს და დავინახე, რომ ეს მანდილი გადმოფრინდა და მოდიოდა და მიფრინავდა. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მისია მაკისრია, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოო. ეს ყველაფერი 9 აპრილის შემდეგ მოხდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იზამ დაიწყო სწრაფვა იერუსალიმში წასვლისკენ. მიუხედავად იმისა, რომ იზა არაერთხელ იყო იერუსალიმში გასტროლებზე რუსთაველის თეატრთან ერთად, თეატრის გარეშეც ბევრჯერ იყო, მაგრამ ეს სვლა მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და შინაგანი სულიერი მონდომებით იყო განპირობებული. საოცრებაა, იორდანეს რომ ნახავ, ტაძრებს რომ ნახავ, იქაურობა თვითონ გკარნახობს ეპიზოდებს, რა და როგორ გადაიღო. ჩემთვის დოკუმენტურ ფილმს ვიღებდი, მაგრამ ძალიან ბევრი მხატვრული ეპიზოდიც გადავიღე. როცა დავბრუნდით იერუსალიმიდან 1992-93 წლები იყო, განუკითხაობის პერიოდი საქართველოში. არსად სიარული არ შეიძლებოდა. ნელ-ნელა ვამონტაჟებდი ამ სურათს, მაგრამ გადავწყვიტე გამეკეთებინა მხატვრული ფილმი ამ მასალის გამოყენებით.

* * *

ფილმს “ხვეულის კიბით” იმიტომ ჰქვია, რომ ეს არის სიმბოლური კიბე, რომელსაც აყავხარ საუფლო სიწმინდეში. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ჩავდე ამ სურათში. ყველა ეპიზოდი, რომელიც დაიწერა და შეიკრა ჩემს მიერ, ნამდვილია. საბედნიეროდ, იერუსალიმის გზის ეპიზოდებიც არის მასში ჩართული. სურათი აბსოლუტურად მხატვრული და დამოუკიდებელია, სადაც ნიკო თამაშობს მთავარ როლს. “ხვეული კიბით” რელიგიური ფილმია, აქ არის ლაპარაკი სულიერებაზე. ამ ფილმით ყველა ადამიანი დაფიქრდება, რას ჩაიდენს ცხოვრებაში და რას მოიმკის, რა პასუხისმგებლობა ენიჭება მის თითოეულ ქმედებას. რელიგიურ ფილმს სიამოვნებით გადავიღებ, თუ მექნება ის თემა, რომელიც დამაინტერესებს.