26 ნოემბერი, 2014

ლევან თუთბერიძემ ახალი ფილმი გადაიღო

11კინორეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ახალი ფილმი გადაიღო. ფილმის პრემიერა 5 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

“ცხრა მთას იქით” ინგლისელი ფოტოგრაფი გოგოს ისტორიას მოვგითხრობს. სცენარის ავტორი აკა მორჩილაძეა, ოპერატორი გიორგი შველიძე, პროდიუსერები გიორგი ბაზღაძე და კონსტანტინე რიჟინაშვილი, კოპროდიუსერი მიხეილ ლომთაძე. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები ქრისტალ ბენეტი, თორნიკე ბზიავა, მიხეილ გომიაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, მარლენ ეგუტია, ეკა მოლოდინაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანასტასია მენაბდე.

“ეს არის ფილმი ინგლისელი ფოტოგრაფი გოგოს, ემის მოგზაურობაზე საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ სოფელში. ემი თავის მეგობარ ქართველ ფოლკლორისტებთან ერთად ულამაზეს მთის ბუნებაში მოგზაურობს, სადაც სოფელი ღრუბლებს ზევით ცოცხლობს, სადაც სიტყვას ფასი აქვს, სადაც მითი და რეალობა ერთია და სადაც ადათ წესები უპირველესია მთიელთა ცხოვრებაში. ემი, თავიდან როგორც ლამაზ ზღაპარს ისე უყურებს იქაურ ბუნებას და მთიელთა ცხოვრებას, მაგრამ ნელ-ნელა მისი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა უნებლიე კონფლიქტს წარმოშობს. ხდება სხვადასხვა მსოფლმხედველობის შეჯახება, ცივილიზაციის და გაყინული მითოლოგიური სამყაროსი, რომელსაც თავისი სიმართლე აქვს. ამავე დროს, ემის ეუფლება სიყვარულნარევი ვნება იქაური მთიელისადმი, რომელსაც ემი მითოლოგიურ გმირად წარმოისახავს და მიზნის მისაღწევად წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს. ადგილობრივი მოსახლეობის საიდუმლოებებში წვდომისა და მათ ცხოვრების წესებში ზედმეტი ჩარევის გამო მას უწევს მძიმე საფასურის გადახდა. მთა მას ვერ იღებს… მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებს პატარა სოფლის გაყინულ გარემოში ბზარის გაჩენას. ეს სოფელი კი, დიდი სამყაროს ერთი პატარა ნაწილია და თავისი თვითმყოფადობით არსებობის უფლება აქვს” – ასეთია ფილმის სინოფსისი.