
2 ივნისს ქალაქ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“-ს მორიგი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი. საღამოზე შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“უზომოდ მიხარია, რომ ლანჩხუთში ჩამოვედით. მსმენელმა ძალიან თბილად მიგვიღო. ოვაციები დიდხანს არ წყდებოდა. შევასრულეთ ცნობილი და თანამედროვე კომპოზიტორების სხვადასხვა ჟანრის ქართული ნაწარმოებები. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს, ქალაქ თბილისის მერიისა და კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის, – აღნიშნა “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები”-ს დამფუძნებელმა, პიანისტმა თამარ ლიჩელმა.

პროექტის დასკვნითი გალა-კონცერტი 12 ნოემბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, იგეგმება ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ნიჭიერი მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასების ჩატარება.
“ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” დაარსდა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა არამარტო მუსიკალურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც. ეს არის პროექტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. ამ წლების მანძილზე “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ თბილისის გარდა ჩატარდა გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, სენაკში, ხონში, წყალტუბოსა და ბორჯომში.
კონცერტების სერიის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ქ.თბილისის მერია და კომპოზიტორთა კავშირი.

