
ბუზონის საერთაშორისო კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე დამსწრე საზოგადოებამ ქართველი მუსიკოსი მქუხარე და ხანგრძლივი ალოდისმენტებით დააჯილდოვა.
“არტინფო” გიორგი გიგაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ:
– თქვენთვის რით იყო ეს კონკურსი გამორჩეული?
– ბუზონის საერთაშორისო კონკურსი ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია მსოფლიოში. 1 წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფინალისტის ამპლუაში ვიქნებოდი ბოლცანოში, სადაც 50 წლის წინ 1 პრემია აიღო მსოფლიოს ნომერ პირველმა პიანისტმა მართა არგერიხმა, რომელმაც წელს ესპანეთში პირველი პრემია გადმომცა საკუთარი ხელით.
– ელოდით რომ ჯერ საუკეთესო 6-ფინალისტში და შემდეგ საუკეთესო 3-ფინალისტში მოხვდებოდით?
– ჩემი დაკრულით არასდროს ვარ კმაყოფილი, უბრალოდ ჩემი პროფესორი რევაზ თავაძე მთელი კონკურსის განმავლობაში კონკურსზე იყო და სრულიად დარწმუნებული იყო ჩემში. მიხარია, რომ მისი იმედები გავამართლე.
– მსმენელის რჩეული – ეს ალბათ ყველაზე დიდი პრიზია პიანისტისთვის…
– ყველაზე სასიხარულო! პირველი პრემია რომ მიმეღო, იმაზე მეტად გამახარა ამ პრიზმა, რადგან მომავალში ჩემს კონცერტებზე ივლის ეს ხალხი და არა თერთმეტი კაცი ჟიურიდან.
– თქვენთვის მესამე ადგილის მონიჭებას დარბაზში მყოფი საზოგადოების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ელოდით ასეთ მხარდაჭერას დამსწრე საზოგადოებისგან?
– მესამე პრემია არის გამარჯვების ტოლფასი და არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი.
– შეგიძლიათ წინასწარ გაგვიმხილოთ უახლოესი სამომავლო გეგმები?
– 13 სექტემბერს კონცერტი მაქვს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რუსთაველის დიდ დარბაზში. ნოემბერში ნიუ-იორკში მექნება სოლო კონცერტი, მომავალ წელს დამეწყება ტურნე ესპანეთის 10-მდე ქალაქში. იქნება რამდენიმე დიდი კონკურსი და საკონკურსო მოღვაწეობას დავამთავრებ! რაც არ უნდა კარგად უკრავდე კონკურსზე, კონცერტების რაოდენობა განსაზღვრავს შენს, როგორც პიანისტის, კარიერას.

