წამყე ბეთანიისაკენ!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!
გაიხსენეთ:
ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან…
სანადირო ადგილები…
წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს –
მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
