„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს საზეიმოდ გაიხსნება

16კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 16 მარტს ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ლიზი რამიშვილი, ნოდარ მდივანი, ირაკლი ევსტაფიშვილი, ნათია ქავთარაძე, გიორგი ხაინდრავა.

კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ წელს 5 ქალაქში გაიმართება. საკონცერტო სერიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები წყალტუბოში, ლანჩხუთში, ხონში, ბორჯომსა და თბილისში. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, თეიმურაზ გუგუშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, დავით ალადაშვილი, გიორგი ხაინდრავა, ირაკლი ევსტაფიშვილი და სხვ.. ამ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, იგეგმება ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ახალგაზრდებთან მასტერ-კლასების ჩატარება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება დაარსდა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა არამარტო მუსიკალურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც.

ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.

პროექტის ფარგლებში სრულდება როგორც დიდ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ამგვარად, მსმენელს საშუალება აქვს სრულყოფილი შთაბეჭდილება შეექმნას ქართულ კლასიკურ მუსიკაზე და სისტემატურად გაეცნოს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. აღსანიშნავია ის, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს კლასიკური მუსიკის არაერთ სფეროს – საფორტეპიანოს, კამერულს, ვოკალურს და შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვანია ჟანრული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მეტი მუსიკოსის ჩართულობას უწყობს ხელს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები. ცხადია, დიდია იმ მუსიკოსთა წვლილი, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მუსიკოსთა დამსახურება, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ერთგულებითა და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურება თავიანთ საქმეს. ეს პროექტი სწორედ მათ ჩართულობასა და გაერთიანებას ემსახურება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ერთ-ერთი მიზანია, ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ორგანიზატორთა სურვილია, ქართულმა მუსიკამ თანდათან მოიცვას მთელი საქართველო და შეძლებისდაგვარად მეტ რეგიონს გააცნოს ქართული კლასიკური მუსიკა და ამ სფეროში არსებული სიახლეები.