ზოდიაქოს ნიშნების მითოლოგიური წარმოშობა

კითხვის დრო: 6 წთ.

ზოდიაქოს ნიშნების მითოლოგიური წარმოშობა

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზოდიაქოს 12 ნიშანი – ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი,  მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა,  მერწყული  და  თევზები – ბერძნული მითოლოგიის  ისტორიებთან არის დაკავშირებული: ღმერთები, გმირები და მებრძოლები ვარსკვლავებად იქცნენ.

ვერძი — ოქროს საწმისის ვერძი

ვერძის სიმბოლო უკავშირდება ბერძნულ მითს ოქროსბეწვიან ვერძზე, რომელმაც ორი ბავშვი – ფრიქსე და ჰელე მათი ბოროტი დედინაცვლისგან გადაარჩინა. ვერძმა ჰაერში აიყვანა ისინი, თუმცა ჰელე ზღვაში ჩავარდა (მისი სახელიდან მოდის სრუტის სახელწოდება — ჰელესპონტი). ფრიქსემ კი უსაფრთხოდ მიაღწია კოლხეთს – თანამედროვე დასავლეთ საქართველოს და ვერძი მადლიერებისთვის ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროსფერი ტყავი, ცნობილი “ოქროს საწმისი”, მოგვიანებით იასონისა და არგონავტების საქართველოში მოგზაურობის მიზეზი გახდა.

კურო — ზევსი ხარის სახით

კურო წარმოადგენს ზევსს, რომელიც თეთრ ხარად გადაიქცა, რათა ფინიკიელი პრინცესა ევროპა მოეტაცებინა. ხარმა თავისი სილამაზითა და სიმშვიდით ევროპა მოხიბლა,  მას ზურგზე შეაჯდა, ზევსმა კი ზღვა გადალახა და ევროპა კუნძულ კრეტამდე მიიყვანა. ამის აღსანიშნავად, ზევსმა ეს კურო (ტაურუსი) ვარსკვლავთა თანავარსკვლავედად აქცი ა.

ტყუპები — კასტორი და პოლუქსი

ტყუპების სიმბოლო ორ ძმას, კასტორსა და პოლუქსს განასახიერებს. მითის მიხედვით, მათ საერთო დედა და განსხვავებული მამები ჰყავდათ. პოლუქსი უკვდავი იყო (ზევსის შვილი), კასტორი კი – მოკვდავი. როცა კასტორი გარდაიცვალა, პოლუქსმა ზევსს სთხოვა, რომ სურდა, თავისი უკვდავება ძმასთან გაეყო, რათა ისინი არასდროს დაშორებოდნენ. ზევსმა ისინი თანავარსკვლავედის სახით ზეცაში დაამკვიდრა და სწორედ აქედან მოდის ტყუპების მარადიული ერთობის სიმბოლიკა.

კირჩხიბი — ჰერაკლეს მოწინააღმდეგე

როცა ჰერაკლე იბრძოდა მრავალთავიან გველეშაპ ჰიდრასთან, ქალღმერთმა ჰერამ (რომელიც ჰერაკლეს არ უყვარდა) მის წინააღმდეგ გიგანტური კირჩხიბი გაგზავნა, რომ ფეხზე ეკბინა და ბრძოლისგან ყურადღება გადაეტანინებინა. ჰერაკლემ კირჩხიბი ერთი დარტყმით გასრისა. ჰერას მიმართ ერთგულების დასტურად, ეს არსება ღმერთმა ცაზე თანავარსკვლავედად აქცია.

ლომი — ნემეის ლომი

ლომი წარმოადგენს ნემეის ურჩხულ ლომს, რომლის მოკვლაც ვერავინ შეძლო. მხოლოდ ჰერაკლემ მოახერხა მისი დაჭრა და გაგუდა.  ლომის ტყავი მოგვიანებით ჰერაკლეს სამოსად იქცა, ხოლო თავად ლომი ცაში ავიდა, როგორც სიმტკიცისა და გამბედაობის სიმბოლო.

ქალწული — მართლმსაჯულების ქალღმერთი

ქალწულს ყველაზე ხშირად აიგივებენ ქალღმერთ ასტრეასთან — უმანკოების, სიწმინდისა და სამართლიანობის ქალღმერთთან, რომელიც ბერძნული მითოლოგიის “ოქროს ხანაში” ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა დედამიწაზე. როცა კაცობრიობა სულ უფრო ბოროტი და უსამართლო გახდა, ასტრეამ დედამიწა დატოვა და ცაზე ავიდა — მისი ხატება ქალწულის თანავარსკვლავედად იქცა, ხოლო ხელში დაჭერილი სასწორი ცალკე თანავარსკვლავედად (სასწორად) ჩამოყალიბდა.

სასწორი — თემისის სასწორი

სასწორი პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულებას და წონასწორობას — იგი ან ასტრეას სასწორს განასახიერებს, ან ქალღმერთ თემისისას. ეს არის ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ცოცხალ არსებას კი არა, საგანს წარმოადგენს — რაც ბალანსსა და ობიექტურობაზე მიანიშნებს.

მორიელი — ორიონის მკვლელი

მორიელის მითი ორიონთან, ცნობილ მონადირესთან არის დაკავშირებული. ორიონი ტრაბახობდა, რომ ის ნებისმიერ ცხოველზე ძლიერი იყო, განაწყენებული დედამიწის ქალღმერთმა გეამ მას პატარა, მაგრამ სასიკვდილო, რომელმაც ორიონი ფეხში დაგესლა და მოკლა.

მშვილდოსანი — კენტავრი ქირონი

მშვილდოსანს ხშირად ქირონთან აიგივებენ — კეთილ და ბრძენ კენტავრთან (ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი), რომელიც სხვა კენტავრებისგან განსხვავებით, სწავლისა და სამართლიანობის განსახიერება იყო. ის ბევრი ბერძენი გმირის (მათ შორის ჰერაკლესა და აქილევსის) მასწავლებელი იყო. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ჰერკულესმა თავისი მოწამლული ისრით შემთხვევით ქირონი დაჭრა. ვინაიდან ქირონი უკვდავი იყო, მას ჭრილობა არ კლავდა, მაგრამ განუწყვეტელ, აუტანელ ტკივილს აყენებდა. ტკივილის შესამსუბუქებლად მან უარი თქვა უკვდავებაზე და თავი გაწირა პრომეთეს გასათავისუფლებლად. ღმერთმა ზევსმა მისი საქციელი დააფასა და ქირონი ცაზე მშვილდოსნის თანავარსკვლავედად აქცია.

თხის რქა — პანი, რომელიც ზღვაში გადახტა

თხის რქის უცნაური, ნახევრად თხის, ნახევრად თევზის ფორმა უკავშირდება ღმერთ პანს, რომელიც ბუნების, თხრილებისა და მწყემსების ღმერთი იყო. როცა გოლიათი ურჩხული ტიფონი ღმერთებს თავს დაესხა, პანი შიშისგან ზღვაში გადახტა  და დასამალად თევზის ფორმა მიიღო, რათა მტრისთვის თავი დაეღწია, თუმცა ტრანსფორმაცია არასრულად შესრულდა — ზედა ნახევარი თხად დარჩა, ქვედა კი თევზად იქცა. ზევსმა ეს უცნაური, მაგრამ საინტერესო ფორმა ცაზე აღბეჭდა.

მერწყული — განიმედე, ღმერთების მეღვინე

მერწყული განასახიერებს განიმედეს — ულამაზეს ტროელ ჭაბუკს, რომელიც ზევსმა ოლიმპოზე აიყვანა, რომ ღმერთებისთვის ნექტარი და ამბროზია დაესხა. განიმედეს ხელში ყოველთვის ჭურჭელი ეჭირა, საიდანაც წყალი მოედინებოდა — ეს გახდა მერწყულის სიმბოლური გამოსახულების საფუძველი, ადამიანი, რომელიც ცაზე მარადიულად წყალს ღვრის.

თევზები — აფროდიტე და ეროსი, თევზებად გადაქცეულნი

თევზების მითი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გაექცნენ სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე და მისი შვილი სიყვარულის ღმერთი ეროსი (ან კუპიდონი) საშინელ ურჩხულ ტიფონს. ისინი მდინარეში გადახტნენ და თევზებად იქცნენ. დინებას ერთმანეთისთვის რომ არ დაეშორებინა, მათ კუდები თასმით შეიკრეს. ეს არის ერთადერთი ამბავი, სადაც თავად სიყვარულის ქალღმერთი გახდა ზოდიაქოს ნიშნის მთავარი გმირი.