როსტომ ჩხეიძის წერილი ლადო ასათიანის მკვლელებზე

კითხვის დრო: 4 წთ.

Lado asatiani da rostom chxeidzeმწერალი როსტომ ჩხეიძე პოეტ ლადო ასათიანის მკვლელებზე დეტალურად საუბრობს საკუთარ წიგნში “ხვედრი ცენზურა და XX საუკუნის ქართული მწერლობა:

“ვახტანგ ჭელიძეს რა დაავიწყებდა ლადო ასათიანის დაკრძალვის ჟამს…
როდესაც სასახლე უკვე უნდა ჩაესვენებინათ მიწაში, ფერდობზე გამოიკვეთებოდა ოთხი მაღალი კაცის შავი ლანდი – მათ შორის ირაკლი აბაშიძისაც, გარდაცვლილის ცოლი მათ დანახვაზე რომ იკივლებდა:
– მკვლელები მოვიდნენ!…
ყველა იქ მყოფს ეცოდინებოდა ირაკლი აბაშიძის საბედისწერო როლი ლადო ასათიანის ხანმოკლე ცხოვრებაში…
მისი პირმშო ლირიკული კრებულის უღვთო გაწირვაში…
ვახტანგ ჭელიძე მოერიდებოდა ამ ეპითეტს: მკვლელიო…
მაგრამ…
მაგრამ ის, რომ:
ლადოს სიცოცხლის უკანასკნელი ხანი რომ გაემწარებინა და იქნებ დაეჩქარებინა კიდეც მისი სიკვდილი, ეს როგორ დაეფარა…
ეს ჩანაწერი 1988 წლის 23 იანვრით თარიღდება, იქვე კიდევ ერთი ჩანაწერი რომ მოჰყვებოდა ამავე თემაზე:
თუ როგორ ეთხოვა ირაკლი აბაშიძეს ნიკა აგიაშვილისთვის: მოგონება დაწერე, თითქოს, მე და ლადო შევრიგდით და მერე აღარავითარი დავა აღარ გვქონიაო.
ნიკა თავიდან თითქოს ჯიუტობდა, მაგრამ მერე იძულებული გამხდარიყო, ეს თხოვნა შეესრულებინა, ოღონდ ეშმაკობას იხმარდა – დაწერდა ძველ ამბავს, იმდროინდელს, როცა ირაკლი აბაშიძე “ჩვენ თაობას” რედაქტორობდა და ლადოც ჯერ ისევ ლაღი გახლდათ.
მისი დევნა მერე დაიწყებოდა, როდესაც ირაკლი აბაშიძეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დანიშნავდნენ.
ბუზს აღარ იფრენდა თავზე და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ მდივანთან, ილია თავაძესთან ერთად, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა – მერე დაამუშავებდა საშინლად მწერალთა კონფერენციაზე, ცენტრალური კომიტეტის საანგარიშო მოხსენებაში, ლადო ასათიანს საჯარო მობოდიშებაც რომ დასჭირდებოდა თავის გადასარჩენად:
– მე ვგრძნობ ჩემი ზოგიერთი ლექსის იდეურ სიღარიბეს, იდეურ ჩამორჩენილობას…
ითქმოდა პირდაპირ, თორემ შეფარულად აღინიშნებოდა.
როდესაც ლადო ასათიანი გარდაიცვლებოდა – 1943 წლის 23 ივლისს – “ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზე დაიბეჭდებოდა ძალზე პატარა ნეკროლოგი, რომლის ხელმომწერებსაც თავის ესეში ჩამოთვლიდა ვახტანგ ჭელიძე:
გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ალიო მაშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ალექსანდრე ქუთათელი, პავლე ინგოროყვა, შალვა აფხაიძე, ლეო ქიაჩელი, აკაკი გაწერელია, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლეონიძე, დემნა შენგელაია, ლევან ასათიანი, გრიგოლ აბაშიძე, ლადო ავალიანი, ალექსანდრე საჯაია, ილო მოსაშვილი, დიმიტრი ბენაშვილი, ხარიტონ ვარდოშვილი, მიქელ პატარიძე.
ეს ოფიციალური სიაა და გარდა იმ პირებისა, რომელნიც აფასებდნენ ლადო ასათიანს და ძალიანაც განიცდიდნენ მის ასე ნაადრევად გარდაცვალებას, გარეულან ისინიც, რომელთაც თანამდებობრივად ევალებოდათ ნეკროლოგებზე ხელმოწერა: თუნდაც ალიო მაშაშვილი.
სად არის ირაკლი აბაშიძე, საქართველოს მწერალთა კავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე, თანამდებობრივად ყველაზე მეტად რომ ევალებოდა ნეკროლოგზე ხელმოწერა?
მითუმეტეს, გავრცელებულიყო ხმა, მას რომ შეეჩერებინა უკვე გამოცემული “წინაპრების” გავრცელება და აგერ მისცემოდა საშუალება, ყალბი ცრემლით დაეტირებინა ჭაბუკი პოეტის უღვთო სიკვდილი და ამით ჩვეული ნიღაბი კიდევ ერთხელ აეფარებინა.
მაგრამ ისეთი მძაფრი და დაუოკებელი გახლდათ მისი სიძულვილი ლადო ასათიანისადმი, თავს ვერ მოერეოდა და არ მიიჩნევდა საჭიროდ ნიღბის აფარებას.
რას წარმოიდგენდა, ათწლეულთა შემდგომ ასე თუ ამოუტივტივდებოდა ეს გამოკლება ხელმომწერთა სიიდან.”

Artinfo.ge