გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:
“ხელოვნების სასახლის და მისი საგანძურის მორიგი საერთაშორისო აღიარება – მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.
ეს გამორჩეული არტეფაქტი ხელოვნების სასახლემ 2024 წელს საკუთარი რესურსებით შეიძინა. აღმოჩენისთანავე მან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც ქართველი ხელოვნებათმცოდნეების, ისე საერთაშორისო ექსპერტთა წრეებში. ამ ინტერესის შედეგად, დღეს ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭედი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი შედევრების გვერდითაა წარმოდგენილი – იმავე სივრცეში, სადაც მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელისა და ტიციანის ნამუშევრებს ეძღვნება ვირტუალური გამოფენები.
ეს არა მხოლოდ ხელოვნების სასახლის, არამედ მთელი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს ნატა ბეწუნაიძეს და ნინი სამხარაძეს გაწეული საქმიანობისათვის. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. ვფქირობ, კიდევ არაერთი ჩვენი ნივთი მოექცევა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში.”

