
“ქალბატონი დიანა მელაძე 50 წელზე მეტია, რაც ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“. მის მიერ აღზრდილმა მთელმა თაობებმა შექმნეს XX საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიანა მელაძის აღზრდილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. მათი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქალბატონი დიანას საოცარი სიყვარული და თავდადება საქმისადმი, უდიდესი პროფესიონალიზმი და, რასაკვირველია, მისი უნიკალური პედაგოგიური მეთოდი, რომელსაც ანალოგი პრაქტიკულად არ გააჩნია. წლების განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკური მეთოდური კაბინეტის მუშაობაში, ჩატარებული აქვს ღია გაკვეთილები კვალიფიკაციის ასამაღლებელ რესპუბლიკურ კურსებზე, აქტიურ მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევდა და უწევს ჩვენი ქვეყნის სამუსიკო სასწავლო დაწესებულებებს.
ქალბატონი დიანა დღემდე შეუცვლელია თავის საქმიანობაში და უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს მუსიკალურ საზოგადოებაში.
ვულოცავთ ქალბატონ დიანა მელაძეს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმი“ მინიჭებას,” – ნათქვამია “ნიჭიერთა ათწლედი”-ს განცხადებაში.



