კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში

კითხვის დრო: 3 წთ.

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილშიმარტვილში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში, საზეიმოდ გაიხსნა კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა”.

პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ უცხოელი სტუმრები. მსმენელისთვის დაუკრეს გიტარის კვარტეტმა ბელგიიდან Four  Aces, დუეტმა ავსტრიიდან Das Kollektiv და საქსოფონების კვარტეტმა სომხეთიდან Alma Sax.

ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და გულწრფელი ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ მახლობელი მუნიციპალიტეტების სამუსიკო სკოლის პედაგოგები, ცნობილი ხელოვანები და პოლიტიკოსები.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კამერული მუსიკის საღამოებს სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან მიწვეული მუსიკისმცოდნეები.

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში - 2

ფესტივალი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ, რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში იმართება, თუმცა ამჯერად, უამინდობის გამო, ფესტივალის ორგანიზატორებმა წარმატებით გამოიყენეს რეზიდენციაში არსებული ალტერნატიული სივრცე და პირველი კონცერტი მიურატების მიერ აგებული დარბაზული ტიპის მარნის მეორე სართულზე გაიმართა.

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში - 3

ფესტივალის მეორე დღე დაეთმობა სიმებიან კვარტეტს თურქეთიდან Nemeth Quartet, ლიტველ აკორდეონისტ ლაიმონას სალიუსს და ქართველ მუსიკოსთა ბენდს „მოხეტიალე ტანგო“ (Tango Vagabundo).

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში - 4

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის დამფუძნებელია მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, მხარდამჭერი კი მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობაა. ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით.

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში - 5

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფესტივალი სრულად დაფინანსდა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესმენთა ფინანსური მხარდაჭერით. ორქოს სპონსორია ღვინის კომპანია ,,როიალ დადიანი”, ხოლო გენერალური სპონსორი MBC – მარტვილის ბიზნესცენტრი.

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში - 6

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია, ხოლო დირექტორი კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი.

კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა” 2 ოქტომბერს სასახლის ხეივანში საზეიმო გალა კონცერტით დაიხურება.

Artinfo.ge