ის კი არ არის ბიჭობა,
რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.
არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.
გაიხსენეთ:
მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.
არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვძარობდე.
მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.
