“სუხიშვილების” ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი საპროტესტო აქციას შეუერთდა და თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა:
“თითქოს რწმენა დავკარგე, იმ ხალხის, ვინც არ უფრთხილდება თავის საზოგადოებას და იმეტებს. ეს მარტო დღეს ხომ არ მომხდარა? აღშფოთებული ხალხი, რომელიც დღეს დგას და იძახის, ეს რა ვნახეთო, მათ დროსაც მომხდარა ძალადობები.
მნიშვნელობა არ აქვს ამას. აქ ორივე შემთხვევაში ხალხი იჭყლიტება და ხალხია დაშავებული. ერთმანეთს უმტკიცებენ უაზრობებს, რომ რახან მათ დააშავეს, ჩვენც შეგვიძლია დავაშავოთ, შუაში კი დგას ხალხი. გულწრფელობა არ ჩანს, ვინც მეტს ლაპარაკობს პატრიოტობაზე, მით უფრო ნაკლებად მჯერა მისი გულწრფელობის. სათითაოდ აქ მდგარი ხალხის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთლიანად აღებული მთავრობების და პარტიების. სათითაოდ თითო ადამიანი, რომელიც აქ დგას, მისი გულწრფელი სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე პარტიები და მთავრობები რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში.
პირველ რიგში, არის ადამიანი და ადამიანს უნდა გავუფთრიხლდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ბრძანება ვინ გასცა, თუ არსებობს ისეთი ხალხი, ვინც შინაგანად გწირავს და შეუძლია გაგწიროს და პირადაპირ მოსაკლავად გაგწიროს, ეგ არის პრობლემა, რომ ასეთი ხალხი არსებობს, ამის შემსრულებელი ხალხი არსებობს. ნებისმიერ დროს იყო და ახლაც ყოფილა ეს ხალხი, მათ შინაგანად შეუძლიათ გაწირონ თავისი თანამოქალაქე.”
