
2019 წელს ხელოვნების სასახლის სამეცნიერო მივლინება, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოეწყო, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მეცნიერთა ჯგუფს საშუალება მიეცა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკაში საქართველოსთან დაკავშირებულ მასალებზე ემუშავა, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას კარტოგრაფიული ნიმუშები იმსახურებს. სხვადასხვა პერიოდის რუკებზე კარგადაა ასახული საქართველოს სახელმწიფოსა და მისი საზღვრების ისტორია, ეს მიუკერძოებელი დოკუმენტები სათანადო პასუხია მათი მისამართით, ვინც ჩვენი ქვეყნის წარსულის გაყალბებას მიზანმიმართულად ცდილობს.
ამბასადორიალზე საქართველოს ელჩებს სხვადასხვა სახელმწიფოში საშუალება ჰქონდათ ეს უნიკალური მასალები ენახათ და მოესმინათ ინფორმაცია მათი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. მოხსენებას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი.
ხელოვნების სასახლე მზადაა, აღნიშნული მასალების გავრცელებასა და ექსპონირებაში საქართველოს საელჩოებს სრული მხარდაჭერა გაუწიოს. ამასთანავე, მიმდინარეობს მოლაპარაკება აღნიშნული კარტოგრაფიული მემკვიდრეობის ორენოვან ატლასად გამოცემისათვის.

