დროა თვალი გავახილოთ! – ჯემალ ქარჩხაძის შეგონება

კითხვის დრო: 2 წთ.

დროა თვალი გავახილოთ! – ჯემალ ქარჩხაძის შეგონებაჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა მისი პუბლიცისტური წერილებიც.

“მონოლოგი დიალოგიდან” – ასე ეწოდება პუბლიცისტურ წერილს, რომლის ამონარიდსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“…დროა თვალი გავახილოთ, იქნებ უფსკრულისკენ მივექანებით, ჩვენ კი, რაკი კუდაბზიკობა ამის გამხელის ნებას არ გვაძლევს, გვგონია, თითქოს საზეიმო დემონსტრაციაზე მივაბიჯებთ!

ისტორიის ფურცლები:

თუ ახლა არ შევჩერდით, თუ ახლა ბეჯითად, ღრმად და დაუნდობელი სიმართლით არ გავარკვიეთ, რა ჭირი გვჭირს, თუ ახლა ჩვენი შანსი – ვინ იცის, უკანასკნელი – არ გამოვიყენეთ, თუ ახლაც ვერ დავძლიეთ ჩვენი გულარხეინობა და ღვთისმოიმედობა, ხვალ ჩვენს ადგილას სხვა საქართველო იქნება – ვაჭრუკანა, ცბიერი, ხარბი, უვიცი.

ვისაც თვალი აქვს, არ შეიძლება ვერ ხედავდეს, რომ რაღაც გადაუბიჯებელ ზღვარს გადავაბიჯეთ და ფეხქვეშ ნიადაგი გამოგვეცალა. ჩვენი განთქმული პატრიოტიზმი ფარსად იქცა, ჩვენი ცნობილი თავმომწონეობა – თვალთმაქცობად, ჩვენი მომხიბლავი არტისტიზმი – ტაკიმასხარობად, ჩვენი ღირსეული სიამაყე – ბაქიაობად.

ჩვენ კვლავ მივადექით პროვინციალიზმის ჭაობს, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ტიტანური მეცადინეობის წყალობით ამოვედით. ჩვენმა ცრუმხატვრულობამ, ცრუპათეტიკამ, ცრუეროვნულობამ, ცრუპუბლიცისტიკამ, ცრუმორალმა ჩვენვე წაგვლეკა.”

Artinfo.ge