ბესო კალანდაძე: “დროა ხმა ამოვიღო!”

ბესო კალანდაძე: "დროა ხმა ამოვიღო!"მომღერალი ბესო კალანდაძე მიიჩნევს, რომ დუმილის დრო დამთავრდა და დროა ხმა ამოიღოს:

“მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, პოზიციას და ოპოზიციას!

ვხედავ, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანა უფსკრულის პირას მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ ვარ (არც მაქვს პრეტენზია), მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩავთვალე, რომ დროა ხმა ამოვიღო.

ასევე ვხედავ, რომ 30 წელიწადია არ იცვლება პოლიტიკოსების რადიკალური რიტორიკა. დღევანდელი პოზიცია “აწვება” რუსეთის მიმართ მაქსიმალურად დამთმობ პოლიტიკას, ალბათ იმაზე გათვლილს, რომ იქნებ შეგვიცოდოს და რაღაც გადმოგვიგდოს, ოპოზიცია კი “აწვება” მაქსიმალურად აგრესიულ პოლიტიკას, მკვდარ-ცოცხალის გინებით, იქნებ ვაიძულოთ დათმობებზე წამოვიდეს.

თქვე ჩემის გადანგრეულებო, 30 წლის განმავლობაში ვერ მიხვდით, რომ არცერთი მიდგომა არ მუშაობს და უფრო და უფრო ჭაობში ვეფლობით? შუა პოლიტიკა არ არსებობს? ნუთუ ასეთი გონებაშეზღუდულია ჩემი ერი?

ბალტიისპირელებისაგან მაინც გესწავლათ (უახლოესი ისტორიაა), რომლებსაც არც არასდროს დაუხრიათ თავი ოკუპანტის მიმართ და არც მკვდარ-ცოცხალის გინებით მიუღწევიათ თავისუფლებისათვის. უფრო მეტიც, სამივე ქვეყანამ ხელები ჩაჰკიდა ერთმანეთს და ერთიანობის აღსანიშნავი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა, რუსეთმა ვერ შეძლო მათი ურთიერთდაპირისპირება!

კარგად დაიმახსოვრეთ, ბატონებო, არცერთი ქვეყანა, არცერთი სხვა ერი, არასოდეს პატივს არ სცემს იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელსაც წყნარად, წაკუზულ მდგომარეობაში, მონობაში ურჩვენია ცხოვრება, ან სულ სხვისი შეურაცხყოფით უნდა მიზანს მიაღწიოს (რუსეთი კი არა, ჩვენზე პატარა არცერთი ქვეყანა არ მოგვითმენს ამას).

მოკლედ, ჩამოყალიბდით და შეცვალეთ რიტორიკა, მიდგომები და თუ არ შეგიძლიათ, მაშინ დაახვიეთ პოლიტიკიდან და დაუთმეთ ასპარეზი იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნისათვის საჭირო, ზომიერი პოლიტიკის გატარება შეუძლია!”