21 აგვისტო, 2023

დოდო აბაშიძის საოცარი ისტორია

ქართული კინოს ლეგენდა დოდო აბაშიძე რომ უზომოდ ნიჭიერი იყო, ამაზე არავინ დავობს.

მსახიობი დიმა ჯაიანი მის შესახებ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას იხსენებდა:

“დოდო აბაშიძე ყოველ დილით ვარჯიშობდა, გავიდოდა ზღვაზე, ფოლადივით მაგარ სხეულს იკაჟებდა. მერე ორ ახალგაზრდას დაუძახებდა. ბიჭები ბატონ დოდოს მკერდზე ფეხით შედგებოდნენ და მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს დოდო რას არ ჰყვებოდა. ისეთი მკლავები ჰქონდა, მისი გადამწევი საქართველოში არ მეგულებოდა. უძლიერესი, გულადი არც ჩხუბს დაერიდებოდა.

ერთხელ შევედი სასტუმროში და საოცრად ნაზი მუსიკა მესმის. ვიღაც როიალზე ლისტს უკრავდა. გავედი ფოიეში და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – დოდო აბაშიძე იყო. ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს კეთილი გოლიათი ასე უკრავდა. ეს არავის გადაუღია, მაგრამ ხომ ღირდა ერთ ფილმად?!”