3 დეკემბერი, 2022

ვახტანგ ჯავახაძის საოცარი ანდერძი

პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ანდერძს ნამდვილად შეიძლება საოცარი ვუწოდოთ, რადგან ლექსად თქმული “მცირე ანდერძი” ყველასგან გამორჩეულია:

“ჩემო ჭკვიანო ცოლო,
ისმინე ჩემი სოლო:

ჩემო ჭკვიანო ცოლო,
შენ უნდა გააცილო –
ქარებთან მეომარი –
შენი სულელი ქმარი.

ანდერძი დაისწავლე
და როცა სხვები წავლენ…

ხმა გულში ჩაიმარხე,
შემინდე საცოდავი,
რაკი სულელი არ ხარ,
მოისულელე თავი.

განეწყვე საცოდავად
და როცა ყველა წავა…

კაცი, ერი და ბერი,
მიწა, წყალი და ღელე –
ყველა და ყველაფერი
ყოფილა სისულელე.

გადადე შავი მანტო
და როცა დარჩე მარტო,
ფრთხილად გათიშე ზარი,
მაგრად ჩაკეტე კარი,
მონახე მეცხრე თარო,
მოძებნე მერვე წიგნი, –
სანატრელ-სანეტარო
უსტარს იპოვნი შიგნით:

მიიღე ჩემგან, როგორც
ნაწრთობი გულის ცეცხლის –
ათი სტრიქონი ოქრო,
ოცი სტრიქონი ვერცხლი,
აგრეთვე – ქარიზმათა
შაირი საშენო და
ასი მისხალი ზმა და
ასი კარატი ოდა.

გეგონა სასაცილო,
ყოფილა ჯადოქარი,
ჩემო ჭკვიანო ცოლო,
შენი სულელი ქმარი.

ამიერიდან ქარებს
შენ უნდა შეებრძოლო,
ჩემო მდიდარო ცოლო,
ჩემო ღარიბო ცოლო.
1986-2018”