14 ივნისი, 2021

“ცისფერყანწელების” მხიარული ისტორიები

“ცისფერყანწელების” მხიარული ისტორიები ხელოვნებათმცოდნე ვლასი ვაწაძემ გაიხსენა:

“ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი ხალხი წარსულიდან „ცისფერყანწელები“ იყვნენ. მოვყვები სულ ორ ეპიზოდს მათი მხიარული ცხოვრებიდან. ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, სადაც ცისფერყანწელები იკრიბებოდნენ იყო ტიციან ტაბიძის სახლი, ხოდა ორივე ეს ეპიზოდი ტიციანის სახლთანაა დაკავშირებული. (ძირითადი ფაქტი დატოვებულია, ჩემის მხრიდან კი შევეცადე, ამბები მეტი წარმოსახვისთვის, შემელამაზებინა)

ეპიზოდი პირველი – გოგლა ლეონიძე

გოგლა ორდენის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ერთხელ ტიციანთან მყოფი ცისფერყანწელები, ჩვეულებისამებრ ღვინის სმას შეყოლიან, ყველაზე ქარიზმატულს მათგან, პაოლო იაშვილს აუჩემებია, მზის პირველივე სხივზე, ხიდიდან მტკვარში უნდა გადავხტეთ, რომ არა მარტო საქართველომ, მსოფლიომ ილაპარაკოს ჩვენზე და თავები უნდა მოვიკლათო, თანაც ამას სრული სერიოზულობით, დაჟინებით იძახდა, სხვა ცისფერყანწელებსაც მხარი აუბიათ. გოგლას ჩაძინებია და რომ გაღვიძებია, ოთახში მარტო იყო, შეშფოთებულა, უჩემოდ გადაწყვიტეს მტკვარში გადახტომაო, წამომხტარა და, სავარაუდოდ, ვორონცოვის ხიდისკენ თავქუდმოგლეჯილი გაქცეულა, ხიდზე შედგა და გადასახტომად მოემზადა…. ამ დროს სიცილ-ხარხარის ხმა მოესმა, სხვა ცისფერყანწელები იდგნენ და გულიანად იცინოდნენ. გოგლა გაბრაზებულა ამ ხუმრობაზე და გარკვეული ხანი “ცისფერყანწელებს” არ ელაპარაკებოდაო.

ამბავი მეორე – მიხეილ ჯავახიშვილი

აქ უფრო ლაკონური ვიქნები. ყურადღებით წაიკითხეთ, ეს მეორე ამბავი და თუ მიხვდებით, რომელი ნაწარმოების ერთ-ერთი ეპიზოდი გამახსენა ამ შემთხვევამ.
როგორც ჩანს, მიხეილს მეუღლე ცოტა ეჭვიანი ჰყოლია. 1929 წლის 5 ივლისი იყო, ტიციანთან მწერალთა მორიგი მხიარული შეხვედრა იყო, სადაც ტიციანთან და მის მეუღლესთან ერთად, ა. ბელი, პაოლო იაშვილი, გრ. რობაქიძე, თამარ იაშვილი და სხვებიც ყოფილან, ისეთი კამპანია იყო შეკრებილი, რომ უკეთეს ვერ ინატრებდი, ერთი სიამოვნება იყო ამ ადამიანებთან ერთად ყოფნა. როგორც ჩანს, მიხეილს, სახლში მიეჩქარებოდა, შესაძლოა ცოლის ამბავი მოიმიზეზა, რაზეც, მხიარულ პაოლოს, ექსპრომტად ეპიგრამა-მოწმობაც კი დაუწერია ჯავახიშვილის მეუღლისთვის, აი ეს ეპიგრამაც:
„ეძლევა ესე მოწმობის ცალი
„ჯაყოს ხიზნების“ და „კვაჭის“ ავტორს,
რომ ის დავტოვეთ ვახშამზე ძალით
და ტიციანი მას ძალით ათრობს.
რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი,
რომელიც მას და ვაჟიშვილს ელის:
ალბათ იქნება არსენას ტოლი
და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელის“
გოგლაზე ამბავი მოყოლილი აქვს ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელს, ჩემს მეგობარს ნანა კობალაძეს. ჯავახიშვილზე ამბავი, მუზეუმში მიმდინარე მიხეილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვნახე.”